მყინვარების დნობასთან ერთად თავისუფლდება მათში ჩაჭედილი დიდი ოდენობით ბირთვული ნალექი
გამთბარი მყინვარების კოლაფსი და ოკეანეში დნობა მათ ქვეშ დამარხული ბირთვული ნივთიერებების საათის მექანიზმიანი ბომბის წიკწიკია და სხვა არაფერი — ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება.
17 მყინვარის ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა ყველა მათგანში იპოვეს ყინულის ზედაპირის დანალექებში, ე. წ. რადიონუკლიდების ნალექები. ანალიზები ჩატარდა არქტიკის, ისლანდიის, ალპების, ანტარქტიდის და სხვა რეგიონთა მყინვარებზე. ზოგიერთ შემთხვევაში, რადიოაქტიურ ნივთიერებათა კონცენტრაცია გაცილებით აღემატება იმ ზონებისას, სადაც მყინვარები საერთოდ არ არის.
ეს აღმოჩენა აჩვენებს, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ბირთვული კატასტროფის ადგილებიდან, მაგალითად ჩერნობილიდან ან ფუკუშიმადან ნალექები. რაც არ უნდა არასასიამოვნოდ ჟღერდეს, ამჟამად მიმდინარე კლიმატის ცვლილებას შეუძლია კიდევ ერთი არასასურველი შედეგი მოიტანოს — ხელახლა გამოათავისუფლოს რადიოაქტიური მასალები.
მკვლევართა ჯგუფის წევრის, კაროლინ კლეისონის განცხადებით, ბირთვულ ინციდენტთა ადგილების გავლენის შესახებ ჩატარებული წინა კვლევები ფოკუსირებული იყო მათ ეფექტებზე ადამიანებისა და ეკოსისტემების ჯანმრთელობაზე, მაგრამ ძირითადად იმ ზონებში, სადაც მყინვარები არ არის.
თუმცა, სულ უფრო იზრდება მტკიცებულებები, რომ მყინვარებს კარგად შეუძლია სახიფათო ოდენობის რადიონუკლიდების აკუმულირება.
რადიოაქტიური ნალექები, რომლებიც თოვლისა და ყინულის სახით მოდის, უფრო მძიმე დანალექებს წარმოქმნის, ვიდრე მაშინ, როცა ჩვეულებრივ ცვივა. ასე მოსულ ნალექებს მყინვარები იჭერს და იქამდე ინახავს, ვიდრე დნობა დაიწყება.
მკვლევართა მიერ ნაპოვნ საშიშ რადიოაქტიურ ნივთიერებებს შორის იყო ცეზიუმი და ამეირციუმი. ცეზიუმ-137-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მათ შვეიცარიაში, მორტერაჩის მყინვარზე დააფიქსირეს — 13,558 ბეკერელი კილოგრამზე. ხორცში, რომელსაც ჩვენ ვჭამთ, ცეზიუმ-137-ის დასაშვები ზღვარი კილოგრამში 1500 ბეკერლია.
აღებულ ნიმუშებში ჯგუფმა აღმოაჩინა როგორც ჩერნობილის კატასტროფის, ისე 1950-1960-იანი წლების ბირთვული ტესტების რადიოაქტიური ნალექები. ყინულის დანალექებში ჩაჭედილი აღმოჩნდა რვა წლის წინ, ფუკუშიმას რეაქტორზე მომხდარი გაჟონვისას გამოსული ნალექებიც.
კლასონის განცხადებით, რადიოაქტიური ნაწილაკები ძალიან მსუბუქია და შესაბამისად, ატმოსფეროში ასვლის შემდეგ, ძალიან შორ მანძილზე შეუძლია გადაადგილება.
როცა ის ხმელეთზე წვიმასთან ერთად ცვივა, როგორც ეს ჩერნობილის შემთხვევაში მოხდა, მალევე ირეცხება და ერთჯერადი მოვლენის სახე აქვს. მაგრამ როცა თოვლს მოჰყვება, ყინულში ათწლეულების განმავლობაში რჩება და კლიმატის ცვლილების კვალდაკვალ, შემდეგ დნება და დაბლა ირეცხება.
ის, რაც მეცნიერებმა ჯერ არ იციან და რის გარკვევასაც ცდილობენ, არის თუ რამდენად შეუძლია რადიონუკლიდების ნალექებებს ხელახლა გამოთავისუფლების შემდეგ გარემოსა და კვების ჯაჭვის დაბინძურება.
მომზადებულია plymouth.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.