მწერალი ელიზაბეთ ჯინ კეროლი აცხადებს, რომ 30 წლის წინ დონალდ ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა
მწერალი ელიზაბეთ ჯინ კეროლი აცხადებს, რომ 30 წლის წინ დონალდ ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა

მწერალმა, ჟურნალ Elle-ს ყოფილმა მიმომხილველმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუპატიურების ბრალდებით უჩივის, ნიუ-იორკის სასამართლოს ჩვენება მისცა.

„მე აქ ვარ, რადგან დონალდ ტრამპმა გამაუპატიურა და როდესაც მე ამის შესახებ დავწერე, მან მოიტყუა, თქვა, რომ ეს არ მომხდარა. მან მოიტყუა და გაანადგურა ჩემი რეპუტაცია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვცადო და დავიბრუნო ჩემი ცხოვრება“, – განუცხადა 79 წლის კეროლმა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოს.

მისი გაცხადებით, აღნიშნული შემთხვევის შემდეგ მან რომანტიკული ცხოვრების გაგრძელება ვეღარ შეძლო.

ელიზაბეთ ჯინ კეროლის მტკიცებით, დონალდ ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა 1996 წელს მანჰტენის ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელ ოთახში.

თავად დონალდ ტრამპმა არაერთხელ უარყო კეროლის ბრალდება. 26 აპრილს თავის სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპმა კეროლის განცხადებას „თაღლითური და ცრუ ისტორია“ უწოდა.

„ის არ ყვიროდა? მოწმეები არ არიან? არავის დაუნახავს ეს?“ – დაწერა ტრამპმა.

„ბიბისის“ ცნობით, სასამართლო განხილვა, სავარაუდოდ, ორ კვირას გაგრძელდება. ჯერჯერობით უცნობია, წარდგება თუ არა დონალდ ტრამპი სასამართლოს წინაშე აღნიშნული საქმის ფარგლებში.

ელიზაბეთ ჯინ კეროლი ჟურნალ ELLE-ში მიმომხილველად 1993-2019 წლებში მუშაობდა. მან დონალდ ტრამპის მხრიდან სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდება პირველად 2019 წელს გაასაჯაროვა.