მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თემაზე საჯარო და კერძო სექტორის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართება
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სავაჭრო პალატების, ბიზნესასოციაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დღეს დიდუბის საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ შეიკრიბება, რათა განიხილოს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და გაეცნოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას.
ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირის, გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი (SIDA) მოლი ლიენი და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი გიგი ბრეგაძე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრები გაეცნობიან სპეციფიკური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სქემების შემოთავაზებულ ვარიანტებს სპეციფიკური ნარჩენების სხვადასხვა ნაკადებისთვის. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები გააკეთებენ პრეზენტაციებს და გაუძღვებიან დისკუსიებს.
„საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსი განსაზღვრავს ქვეყანაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვას სპეციფიკური ნარჩენებისთვის. ვალდებულება ძალაში შედის 2019 წლის 1 დეკემბრიდან.
მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება საქართველოსთვის ახალ კონცეფციას წარმოადგენს და გულისხმობს გარკვეული პროდუქციის მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ პასუხისმგებლობის აღებას ამ პროდუქციის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების მართვაზე ისე, რომ შემცირდეს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება“, – განმარტავენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, პირები, რომლებიც აწარმოებენ ან ახორციელებენ ისეთი პროდუქციის იმპორტს, რომელიც მოხმარების შემდეგ სპეციფიკურ ნარჩენად გარდაიქმნება, ვალდებულნი იქნებიან, უზრუნველყონ აღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების მართვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კოლექტიური ან ინდივიდუალური სქემების საშუალებით. სპეციფიკურ ნარჩენებს მიეკუთვნება: ნარჩენი შესაფუთი მასალა (პლასტმასი, ქაღალდი/მუყაო, ხე, ლითონი, მინა), ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები, ხმარებიდან ამოღებული საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, გამოყენებული ზეთები, ბატარეები და აკუმულატორები.
„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დასანერგად აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და საზოგადოებისა და კერძო სექტორის ცნობიერების სათანადო დონე“, – აცხადებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
შეხვედრა საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში“ დღეს, 09:00 საათზე დაიწყება.