ლევან დავითაშვილი - პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს, სოფელ ლემშვენიერაში გაშენებული თანამედროვე ნუშის ბაღი ამის ნათელი მაგალითია
ლევან დავითაშვილი - პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს, სოფელ ლემშვენიერაში გაშენებული თანამედროვე ნუშის ბაღი ამის ნათელი მაგალითია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებული ნუშის ბაღი დაათვალიერა და მოსავლის აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ებრაული კომპანიის „ბარ ლევ ჯგუფის“ მიერ სოფელ ლემშვენიერაში 6 ჰექტარზე ინტენსიური, ექვსი ჯიშის ნუშის ბაღი 2018 წელს გაშენდა.

„სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამა „დანერგე მომავალი“ ხელშესახებ შედეგებს უკვე გვაძლევს. კომპანიის „ბარ ლევ ჯგუფის“ მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებული ნუშის ბაღი ამის ნათელი მაგალითია.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოში თანამდეროვე ბაღები დაახლოებით, 10 000 ჰა-მდე ფართობზე გაშენდა, რომლის ღირებულებაც 100 მლნ დოლარს აღემატება. ეს არის დამატებითი ღირებულება, რომელიც ჩვენ სოფლის მეურნეობაში შევქმენით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბაღები, ყოველი შემდეგი წლის განმავლობაში, მეტი საექსპორტო პროდუქტის წარმოების საშუალებას მოგვცემს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ათობით მილიონი დოლარის შემოსავალია. ეს გახლავთ ჩვენი სწორი მუშაობის შედეგი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც „ბარ ლევ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, აჰარონ გაგულაშვილმა აღნიშნა, მისთვის, როგორც ინვესტორისთვის, ნუშის ბაღის გაშენებაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა მნიშვნელოვანი დახმარება და წახალისება იყო.

„საქართველოში ყველა პირობაა ნუშის კულტურის განვითარებისთვის. ვფიქრობ, საქართველო მსოფლიო ბაზარზე აღნიშნული კულტურის მსხვილი ექსპორტიორი გახდება“, – განაცხადა აჰარონ გაგულაშვილმა.