MVNO ასოციაცია - მივესალმებით „სელფის“ გადაწყვეტილებას, 5G ტექნოლოგია MVNO -ს დაშვების ვალდებულებით დანერგონ
MVNO ასოციაცია მიესალმება „სელფის“ გადაწყვეტილებას 5G აუქციონში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.
როგორც MVNO ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, ახალი ტექნოლოგიის დანერგვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ქართულ სატელეკომუნიკაციო სივრცეს და, რაც მთავარია, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აბონენტის ინტერესსა და უფლებას, მიიღოს სრულყოფილი და მაღალხარისხიანი მომსახურება.
„აქვე უნდა აღინიშნოს კომუნიკაციების კომისიის როლი, რომელიც 2020 წლიდან გამოდიოდა ინიციატივით, ჩვენს ქვეყანაში დანერგილიყო 5G ტექნოლოგია. შესაბამისად, წლების განმავლობაში აქტიურად ემუშავებოდა თითოეულ მობილურ ოპერატორს, რომ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეექმნა აუქციონის პირობებით და არ ყოფილიყო ამ პროექტის განხორციელებისთვის რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი.
სამწუხაროა, რომ, ,,სელფისგან“ განსხვავებით, დანარჩენმა ორმა კომპანიამ, რომელიც ტელეკომ ბაზრის 70%-ს ფლობს, ამ ეტაპზე თავი შეიკავა, ყოფილიყო უმნიშვნელოვანესი სუბიექტი ქვეყნის ტექნოლოგიურად განვითარების ნაწილში, რასაც უდიდესი გავლენა აქვს როგორც უშუალოდ აბონენტების კეთილდღეობაზე, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ნებისმიერ დარგზე.
ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გახდა აუქციონში მონაწილეობაზე უარის მიზეზი MVNO დაშვების ვალდებულების პირობა მაშინ, როდესაც ორივე მობილური ოპერატორი საჯარო განცხადებებში მიესალმება და ღიად აფიქსირებს მზაობას თავიანთ ქსელზე ვირტუალური მობილური ოპერატორის ჩართვას. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ MVNO მოდელის არსებობა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს შექმნისთვის, ამიტომ განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ „სელფიმ“ 5G აუქციონში სწორედ ისეთ ლოტზე გააკეთა არჩევანი, სადაც MVNO დაშვების ვალდებულება არსებობს. ეს ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ქვეყანაში დაინერგება როგორც ახალი თაობის ინტერნეტი, ასევე მსურველ კომპანიებს მოგვეცემა შესაძლებლობა, დავიწყოთ MVNO ბაზარზე საქმიანობა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.