მურმან დუმბაძე - მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს
მორალურად, გირგვლიანი არ იყო იმ სუფრასთან მართალი, სადაც ეს დანაშაული მოხდა. მე და თქვენ ვსხედვართ, მესამე პიროვნება მოდის და გვერევა ურთიერთობაში, რა წესია, მორალურად ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სანდრო გირგვლიანი არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით.
„გირგვლიანი არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს. მორალურად, გირგვლიანი იმ ბიჭებთან მართალი არ იყო, ისინი მორალურად მართლები იყვნენ. ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან, უნდა დაიჭირო, მაგრამ ამ დაჭერამდე საქმის წამოწყების ინიციატორი გირგვლიანია, ამას ამბობს მეორე მხარე. ოფიციალური დოკუმენტი გირგვლიანზე ამბობს, რომ დაუსხლტა გირგვლიანი, გაიქცა, გადავარდა, გადაიჩეხა, გაიყინა სუსხიან ტყეში და გარდაიცვალა. ის არ მოუკლავთ, მკვლელობა არ არის არც დანით, არც იარაღით, მკვლელობის ფაქტი არ არის ჩადენილი. ამას ამბობს მურუსიძე, 2006 წელს მურუსიძე იყო საქმის გამრჩევი და დღესაც ეს გვყავს სასამართლო სისტემის მეუფედ“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.