მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმის პროკურორი აცხადებს, რომ საქმეზე დაკავებული მეორე პირი კერძო სექტორში მუშაობს
მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მეორე პირი გახლავთ კერძო სექტორში დასაქმებული. იგი არის დისტრიბუტორი, არ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, შესაბამისად, ინფორმაცია, რაც გავრცელდა, არის ცრუ, -ამის შესახებ მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა.
„პირველი ბრალდებული პირი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ამაზე ჩვენ გუშინ სასამართლოსაც მივმართეთ და ეს პიროვნება თანამდებობიდან გათავისუფლდა“, – აღნიშნა პროკურორმა.
მისი თქმით,კონფლიქტი დაიწყო პირველად დაკავებული ბრალდებულის კუთვნილ ავტომანქანასთან დაკავშირებით.
„ამ ეტაპზე, ჩვენ გვყავს საქმეზე ორი დაკავებული პირი. ეს არის ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა და ასევე, ცემას, რაც ჩადენილია ჯგუფურად. ოთხი ფიგურანტია. ეს დადგენილია გამოძიებით და ამ მოცემულობას დაზარალებული მხარეც სადავოდ არ ხდის, რომ კიდევ სხვა პირები მონაწილეობდნენ აღნიშნულ კონფლიქტში“, – აღნიშნა პროკურორმა.
მისივე თქმით, სამედიცინო დოკუმენტაციისა და ექიმების ჩვენებების მიხედვით, მურად წურწუმიას თვალის დაკარგვა არ დასტურდება.
„საგამოძიებო ორგანოს მურად წურწუმიას საქმეზე აქვს სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც უშუალოდ შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე გვყავს დაკითხული ექიმები, სასწრაფოს ექიმი, ექიმი, რომელმაც პირველადი მიღება ჩაატარა საავადმყოფოში“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
მისი თქმით, მურად წურწუმია საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
„ორივე შემთხვევაში ექიმი წერს, ისევე როგორც სამედიცინო დოკუმენტაციაში, ასევე ჩვენთან ჩვენებებში, რომ ორივე თვალი მათ მიერ დეტალურად იქნა დათვალიერებული და მდგომარეობა, რომ კომატოზურ მდგომარეობაში იყო, თვალების მდგომარეობითაც დგინდებოდა. ანუ ეს ის ფაქტია, რომ აქ რაიმე დანაკლისი ან თვალის არქონაზე საუბარი გამორიცხულია“, – აღნიშნა პროკურორმა.
დავით გუმბერიძემ განმარტა, რომ ექიმს საკმაოდ დეტალურად აქვს აღწერილი დაზიანებები, ექსპერტიზის პასუხის მიღების შემდეგ კი, გარდაცვალების შემდეგ ჩატარებული დათვალიერების პასუხი საზოგადოებას ეცნობება.
ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა.
როგორც პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული საქმეზე ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელის, ზურა ფოფხაძის თანმხლები პირია.