პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დავით ახალაიას მიმართაც დაიწყოს
პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დავით ახალაიას მიმართაც დაიწყოს

როცა გამოძიებას შესაბამისი მტკიცებულებები ექნება, არ გამოვრიცხავ, სისხლისსამართლებრივი დევნა კუდ-ის ყოფილი ხელმძღვანელის, დავით ახალაიას მიმართაც დაიწყოს, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა, დავით გუმბერიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ამ ეტაპზე, არ არის საკმარისი მტკიცებულებები შეკრებილი, რომ გახდეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი და დავით ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. მოცემულ შემთხვევაში, გამოძიებით დადგინდა ის დანაშაული, რაც კონკრეტულად სამი ბრალდებულის ქმედებას უკავშირდებოდა“, – განაცხადა გუმბერიძემ.

ამ განცხადებით დავით გუმბერიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ არ მოხდა ბრალის დაუსწრებლად წარდგენა კუდ-ის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას მიმართ, რადგან ჩანაწერებში მასაც ახსენებენ. 

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, პროკურატურამ ბრალი წაუყენოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომლის გვარსაც ჩანაწერის ფიგურანტები ასახელებენ, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ პროკურატურა საქმეს ჯერ კიდევ იძიებს, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიმართ და როდესაც ახალი გარემოებები დადგინდება, ნებისმიერი პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება.

შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ამ საქმეზე სხვა ფარული ჩანაწერები და უნდა ველოდოთ თუ არა მომავალში მათ გამოქვეყნებას, დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ კონკრეტულად ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მხოლოდ ეს ორი ჩანაწერი არსებობს, რაც გამოქვეყნდა.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილია.

დატოვე კომენტარი