პროკურორი - მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე მეორე ბრალდებულის დაკავება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და გარდაცვლილის ძმის გამოკითხვის შემდეგ გახდა შესაძლებელი
პროკურორი - მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე მეორე ბრალდებულის დაკავება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და გარდაცვლილის ძმის გამოკითხვის შემდეგ გახდა შესაძლებელი

მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე მეორე ბრალდებულის დაკავება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და გარდაცვლილის ძმის გამოკითხვის შემდეგ გახდა შესაძლებელი, – ამის შესახებ ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურორმა, დავით გუმბერიძემ განაცხადა.

„დაზარალებულისა ოჯახს, ასევე, საზოგადოებას გუშინ დავპირდით, რომ უმოკლეს ვადებში მოხდებოდა ამ საქმეზე გამოძიების ჩატარება. შესაბამისად, დღეს გვაქვს ჩვენ მოცემულობა, რომ დავაკავეთ ბრალდებულის სახით კიდევ ერთი პირი, ვახტანგ ბურძენიძე, რომელიც დაკავებულია სსსკ-ის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად და ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გულისხმობს ადამიანის ცემას, ჩადენილს ასევე ჯგუფურად”- განაცხადა მურად წურწუმიას საქმის პროკურორმა.

გუმბერიძემ განმარტა, რომ ბრალდებულის დაკავება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და გარდაცვლილის ძმის გამოკითხვის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

„დაზარალებული პირი, ვგულისხმობ ძმას, დღეს გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. ასევე, ჩვენ ვნახეთ არა ერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო ორგანო არ ცდილობს ოჯახთან დაკავშირებას. ჩვენ ვითვალისწინებთ ოჯახის მძიმე მდგომარეობას, ამიტომ არ ვცდილობთ, რომ ამ პერიოდში შევაწუხოთ. ვგულისხმობთ როგორც დედას, ასევე, ძმას. დღევანდელი მოცემულობით, ძმამ შეძლო, გამოცხადდა ჩვენთან, მოგვაწოდა ინფორმაცია და სწორედ ამის შემდგომ გადაწყდა ბრალდებულის დაკავება“, – აღნიშნა დავით გუმბერიძემ.

მისივე თქმით, პროკურატურა კანონით განსაზღვრულ ვადებში მიმართავს სასამართლოს დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა.

როგორც პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული  საქმეზე ბრალდებული ყოფილი სპეცრაზმელის, ზურა ფოფხაძის თანმხლები პირია.