მუნიციპალური განვითარების ფონდი დევნილთა სახლების მშენებლობას იწყებს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა და სამშენებლო კომპანიებს გამოსაცხადებელ ტენდერები წინასწარ წარუდგინა.
ფონდი უახლოეს დღეებში ზუგდიდში და წყალტუბოში დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.
ღია კარის დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ.
„ჩვენ მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად ვაგრძელებთ შეხვედრებს და ღია კარის დღეებს და სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესებულ პირებს ვაცნობთ იმ პროექტებს, რომელსაც ვგეგმავთ. ერთი კვირის განმავლობაში გამოვაცხადებთ ტენდერს 780 ბინის მშენებლობის დასაწყებად. ზოგადად, 2013 წლის შემდეგ ბინებით 16 ათასი ოჯახი დავაკმაყოფილეთ თუმცა, ეს საჭიროებების ნაწილია. დღეს გვქონდა საუბარი ზუგდიდსა და წყალტუბოში ცხრა კორპუსის მშენებლობაზეა საუბარი. ესეც ნაწილია იმ გეგმების, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს. შემდეგი წლის განმავლობაში სავარაუდოდ, 50-60 მილიონის გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით და ასეთი შეხვედრებიც გაგრძელდება”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.