რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება ექვს მილიონ ლარს სცდება.
„პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით სამკილომეტრიანი გზის მშენებლობა.
შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება.
ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დასრულდება. გარდა ამისა, მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ახორციელებს ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის დამაკავშირებელი დაახლოებით, რვაკილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას“, – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.