მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს შესაძლოა, სამი, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე ჰყავდეს
მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეს შესაძლოა, სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი მოადგილე ჰყავდეს. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება, რომლის ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან.
ცვლილებებით, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევის პრინციპიც იცვლება. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ეყოლება, ხოლო ფრაქციის ყოველ ხუთ წევრზე იგი უფლებამოსილი იქნება, დამატებით ერთი მოადგილე ჰყავდეს.
დღეს მოქმედი კანონით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, თბილისის გარდა, ერთი მოადგილე ჰყავს და თუ მუნიციპალიტეტში 100 ათასზე ამომრჩეველზე მეტი ცხოვრობს, მაშინ საკრებულოს თავმჯდომარეს შეიძლება, ორი მოადგილე ჰყავდეს, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში თავმჯდომარეს შეიძლება, ჰყავდეს პირველი მოადგილე და მოადგილეები.
ასევე, თბილისის გარდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავს და თუ ფრაქციაში ცხრა წევრზე მეტია გაწევრებული, შესაძლებელია, ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე.
რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ერთი მოადგილე, ხოლო ფრაქციის ყოველ ცხრა წევრზე იგი უფლებამოსილია, ჰყავდეს დამატებით ერთი მოადგილე.
ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეს შეუძლია, ჰყავდეს არაუმეტეს სამი მოადგილე.