მუცოს რესტავრაცია კიდევ ერთი ჯილდოს ლაურეატი გახდა. პირიქითა ხევსურეთის ციხე-სოფლის აღდგენის პროექტმა ამჯერად საქართველოს არქიტექტორითა კავშირის აღიარება დაიმსახურა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, განხორციელებულ პროცესში უმნიშვნელოვანესი წვლილის შეტანისთვის სპეციალური პრიზები გადაეცა სარესტავრაციო კომპანია „არქიტექს“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ფონდ „ქართუს“, რომელიც სააგენტოსთან ერთად პროექტის მთავარი დონორი იყო.
ისტორიული ციხე-სოფლის აღდგენის საქმეში განსაკუთრებული ღვაწლისთვის არქიტექტორთა კავშირის სპეციალური ჯილდო მიენიჭა მუცოს სარესტავრაციო პროექტის ხელმძღვანელ იოსებ ბანძელაძეს, რომლის სახელის უკვდავსაყოფად დაწესებული პრიზი მისი ოჯახის წევრებს გადაეცათ. პრიზების ლაურეატებთან ერთად, ისტორიული სოფლის აღდგენის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის დაჯილდოვდნენ საპროექტო ჯგუფის წევრებიც.
არქიტექტორთა კავშირისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, მომდევნო წლიდან არქიტექტორთა კავშირის ყოველწლიური კონკურსის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის რჩეული პროექტებისთვის დაწესდება საგანგებო პრიზი, რომელიც იოსებ ბანძელაძის სახელობის იქნება.
არქიტექტორთა კავშირის ჯილდოს მოპოვებამდე მუცოს სარესტავრაციო პროექტმა აღიარება საერთაშორისო მასშტაბითაც ჰპოვა. მიმდინარე წლის 18 მაისს ის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული გახდა. ხოლო 29 ოქტომბერს, პარიზში გამართულ კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე მუცოს პროექტმა ევროპის ქვეყნების საზოგადოებრივი რჩეულის პრიზი მოიპოვა.
საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის ექვსწლიან პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „არქიტექსი“ ახორციელებდა.