პარიზში მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
პარიზში მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

პარიზში კულტურული მემკვიდრეობის სამიტის პროგრამის ფარგლებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა სამიტის მონაწილეთა წინაშე საკონკურსო ნომინანტად წარდგენილი მუცოს რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 21 მაისს ევროკომისიამ და ევროპა ნოსტრამ შემოქმედებითი ევროპის პროგრამით დაფინანსებული კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროპული მემკვიდრეობის პრიზის/ევროპა ნოსტრას ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინა.

მათივე ცნობით, კონსერვაციის კატეგორიაში გაიმარჯვა ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტმა, რომელიც საკონკურსო ნომინანტად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.

„გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 29 ოქტომბერს პარიზში გაიმართება, სადაც 27 გამარჯვებულის დაჯილდოებასთან ერთად, გამოვლინდება გრან პრი-ს 7 გამარჯვებული და საზოგადოებრივი რჩეულის პროზის ლაურეატი. ღონისძიებას ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი პლასიდო დომინგო, ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი, საფრანგეთისა და ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის „ქართუს“ მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს“,- აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი