მთვარის ისტორიული მისიის შემდეგ, NASA-ს კაფსულა ორიონი დედამიწაზე დაბრუნდა — #1tvმეცნიერება
NASA-ს კოსმოსური კაფსულა „ორიონი“ წყნარ ოკეანეში უსაფრთხოდ დაეშვა, რითაც მისია „არტემის 1“ დაასრულა — 25-დღიანი ტურნე მთვარის გარშემო, რომლის მიზანიც რამდენიმე წელიწადში ადამიანების მთვარეზე დაბრუნებაა.
დედამიწის ატმოსფეროში 40 000 კმ/სთ სიჩქარით შემოსვლის შემდეგ, უეკიპაჟო კაფსულა ზღვაში სამი დიდი პარაშუტით დაეშვა.
მთვარის გარშემო ორიონმა 1,6 მილიონ კილომეტრზე მეტი იარა და წარმოადგენს დედამიწიდან ყველაზე შორ მანძილზე წასულ საცხოვრებელ კოსმოსურ ხომალდს.
„ამ მისიაზე წლების განმავლობაში მუშაობდა ათასობით ადამიანი, რაც მთელ მსოფლიოს შთააგონებს ერთობლივად მუშაობისკენ, რათა ჯერ მიუღწეველ კოსმოსურ ნაპირებს მივწვდეთ. ეს NASA-ს და აშშ-ის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და მთელი კაცობრიობის დიდი გამარჯვებაა“, — ამბობს NASA-ს ადმინისტრატორი ბილ ნელსონი.
დაშვების შემდეგ, ოკეანეში მოტივტივე ხომალდს ვერტმფრენმა გადაუფრინა და ვერანაირი დაზიანება ვერ შენიშნა.
გარკვეული ტესტების შემდეგ, ორიონს ზღვიდან აშშ-ის ფლოტის გემი ამოიყვანს.
დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ, კაფსულამ 2800 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას გაუძლო — დაახლოებით იმის ნახევარს, რაც მზის ზედაპირზეა.
მისიის მთავარი მიზანი ორიონის სიცხის ფარის დატესტვა იყო იმ დღისთვის, როდესაც მასში ადამიანები ისხდებიან და არა სატესტო მანეკენები.
ამ მისიაში წარმატება NASA-სთვის გადამწყვეტი იყო, რომელსაც პროგრამა „არტემისში“ ათობით მილიარდი დოლარი აქვს ჩადებული და მიზნად ისახავს ადამიანების მთვარეზე დაბრუნებას, შემდეგ კი უფრო შორეულ სამიზნეზე, მარსზე ჩაყვანას.
კაფსულის პირველი ტესტი 2014 წელს ჩატარდა, მაგრამ იმ დროს, ის დედამიწის ორბიტაზე მოძრაობდა და ატმოსფეროში უფრო ნელა, 32 000 კმ/სთ სიჩქარით შემოვიდა.
ხომალდის ზღვიდან ამოღების შემდეგ, NASA შეაგროვებს სამომავლო მისიებისთვის გადამწყვეტ მონაცემებს.
მათ შორის იქნება ინფორმაცია ფრენის შემდეგ ხომალდის მდგომარეობის შესახებ, მონაცემები მონიტორებიდან, რომლებიც აჩქარებასა და ვიბრაციას ზომავენ, მონაცემები კაფსულაში ჩასმული მანეკენის სპეციალური ჟილეტის მუშაობის შესახებ, რომელმაც ადამიანები კოსმოსში ფრენის დროს რადიაციისგან უნდა დაიცვას.
2024 წელს განხორციელდება მისია „არტემის 2“, რომელიც მთვარისკენ უკვე ეკიპაჟს წაიყვანს, მაგრამ ზედაპირზე ის არც ამჯერად დაეშვება. შერჩეულ ასტრონავტებს NASA მალე დაასახელებს.
2025 წლისთვის დაგეგმილია „არტემის 3“, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე ადამიანებს ჩაიყვანს.
ამ დრომდე, მთვარეზე ფეხი მხოლოდ 12 მამაკაცს აქვს დადგმული. ეს იყო NASA-ის ისტორიული აპოლოს მისიების ფარგლებში, რომლებიც 1972 წელს დასრულდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.