„მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე - ბაკურიანში მსოფლიო თასის დასკვნითი შეჯიბრი ჩატარდება, ძალიან კარგი სანახაობა გველოდება
„მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე - ბაკურიანში მსოფლიო თასის დასკვნითი შეჯიბრი ჩატარდება, ძალიან კარგი სანახაობა გველოდება

გუშინ ასპარეზობა იდეალურად ჩატარდა, დარწმუნებული ვარ, დღესაც ძალიან კარგი სანახაობა გვექნება, – ამის შესახებ „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილემ, თაზო გამცემლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყველა წარმომადგენელი ძალიან კმაყოფილი იყო.

„გუშინ ასპარეზობა იდეალურად ჩატარდა. ყველა კომისარი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყველა წარმომადგენელი ძალიან კმაყოფილი იყო. წელს ერთ-ერთი საუკეთესო ტრასა გვქონდა. დილის 06:00 საათიდან დაიწყო მზადება. მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტებით არის დაცული უსაფრთხოების წესი. დარწმუნებული ვარ, დღესაც ძალიან კარგი სანახაობა გვექნება“, – აღნიშნა გამცემლიძემ.

​ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS) მსოფლიო თასის დასკვნითი ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში მიმდინარეობს.

საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია, ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60 სპორტსმენი ასპარეზობს.

შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება.