მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეულმა ნეგატიურმა შოკმა გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე
მთავრობის ინფორმაციით, კორონავირუსით გამოწვეულმა ნეგატიურმა შოკმა გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებამ შეაფერხა იმ პოზიტიური ტენდენციების გაგრძელება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით წინა წელს დაფიქსირდა. აღმასრულებელი ხელისუფლება ქვეყნის ძირითადი საბიუჯეტო და მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილ შესაბამისს დოკუმენტში საუბრობს და აღნიშნავს, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა ნეგატიურმა შოკმა გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე.

მთავრობა განმარტავს, რომ 2019 წელს დაფიქსირდა მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა – 5.1 პროცენტი.

„ტურიზმიდან ქვეყნის ეკონომიკაში გენერირებულმა შემოსავალმა შეადგინა 3.3 მლრდ აშშ დოლარი (მშპ-ს 18.4%), საქონლის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა – 3.8 მლრდ აშშ დოლარი (მშპ-ს 21.2%), ხოლო წმინდა ფულადმა გზავნილებმა – 1.5 მლრდ აშშ დოლარი (მშპ-ს 8.4%). აღნიშნულის შედეგად ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და მშპ-ის 5.1 პროცენტი შეადგინა. მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდისა და საგარეო სექტორის მონაცემების გაუმჯობესებამ განაპირობა საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმილზე მეტად ზრდა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ კაპიტალურ ინვესტიციებს გადააჭარბებინა მშპ-ის 8%-ს. ამასთანავე, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი 2.7%-დან 2%-მდე შემცირდა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მთავრობა აცხადებს, რომ პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ეკონომიკურმა რეცესიამ გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზებზე და ბიუჯეტის, როგორც საშემოსავლო, ასევე ხარჯვით ნაწილზე.

„2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფონზე შეიზღუდა მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობები, ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისა და დიაგნოსტირებისთვის საჭირო ხარჯებთან ერთად, აუცილებელი გახდა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს მთავრობამ შეძლო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება და ახალი ფისკალური ჩარჩოს შეთანხმება, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან დამატებითი 1.5 მლნ აშშ დოლარის მობილიზება და სათანადო რეაგირების ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმებული ჩარჩო ითვალისწინებს მშპ ზრდის პროგნოზს -4%; მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების შემცირებას 600 მლნ ლარით და რესურსების მობილიზებას ანტრიკიზისული გეგმით გათალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად, შედეგად ნაერთი ბიუჯეტი დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი 8.5%-ით განისაზღვრება. იმის გათვალისწინებით, რომ შემცირდა მშპ-ის მაჩვენებლები საპროგნოზო პერიოდში, ხოლო პანდემიაზე რეაგირების ღონისძიებებიდან გამომდინარე გაიზარდა მიმდინარე ხარჯები, 2020 წლის წარმოდგენილი პროგნოზით, სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი გაზრდილია მშპ-ის 8.2% და 2023 წლისთვის ჩამოდის 3%-იან ნიშნულზე”, – ნათქვამია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტისთვის წარდგენილ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი