მთავრობის გადაწყვეტილებით, 140 კილოგრამამდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა
ხბოს ასაკში ნაკლები პირუტყვი გავა, განვითარდება უშუალოდ საქონლის ბაზა, განვითარდება ადგილზე ხორცის წარმოება, – ასე აფასებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მთავრობის ახალ დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, წლის დასაწყისიდან საქართველოდან 140 კილოგრამამდე, მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა.
როგორც პირველ არხს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განუცხადა, აკრძალვის მიზანი ქვეყანაში მსხვილფეხა საქონლის ზრდის შედეგად, მეტი დამატებული ღირებულების შექმნაა.
ხანიშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება სამინისტრომ ყველა მხარესთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.
„ბოლო ორი წელიწადი ხასიათდება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის სულადობის შემცირებით, რაც ერთის მხრივ ძალიან კარგია, რადგან ექსპორტი იზრდება, ბაზრებს ვითვისებთ, საერთაშორისო ბაზარზე გადის ქართული პროდუქცია. ხოლო მეორეს მხრივ გამოიკვეთა, რომ გაყვანილი საქონლის საშუალო წონა არის ბევრად დაბალი, ანუ გადის ძირითადად ხბოს ასაკში და მთლიანმა დამატებულმა ღირებულებამ, რომელიც შეიძლება მოტანილი იქნას ქართული ეკონომიკისთვის, გადაინაცვლა სხვა ქვეყნების ეკონომიკებში.
ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გვქონდა კონსულტაციები სხვადასხვა ფერმერთა ჯგუფებთან, ექსპორტიორებთან, იყო ცალკეული განხილვები როგორც სამინისტროს შიგნით, ისე სახელმწიფო უწყებებს შორის. გარკვეულ კონსენსუსს მივაღწიეთ. ეს კონსენსუსი იყო 140 კილოგრამიანი საქონლის გაყვანა ექსპორტზე.
ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპისთვის ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს ადგილზე სულადობის გაზრდას. ეს ნიშნავს, რომ ხბოს ასაკში ნაკლები პირუტყვი გავა, განვითარდება უშუალოდ საქონლის ბაზა, განვითარდება ადგილზე ხორცის წარმოება. ამავე დროს, სტიმული მიეცემათ ადგილზე იმ ფერმერებს, რომლებიც გაზრდიან ამ საქონელს. გაიზრდება საექსპორტო პოტენციალიც კილოგრამებში, შესაბამისად მეტი შემოსავალი ექნება ქართულ ეკონომიკას“, – განუცხადა პირველ არხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
გიორგი ხანიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში შეინიშნება ხორცზე ფასის მატება. უწყებაში მიაჩნიათ, რომ ახალი დადგენილებით, ეს პროცესიც დასტაბილურდება და ხორცზე ხელმისაწვდომობაც გაიზრდება.
„როდესაც ბიზნესის რეგულირების პროცესში ასეთი ტენდენცია მიიღო, რომ ღირებულებამ მთლიანად სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა, ჩვენ შემხვედრი ღონისძიება გავატარეთ ქართული ეკონომიკის სასარგებლოდ.
ფერმერები ამარაგებენ არა მარტო საერთაშორისო ბაზრებს, არამედ ამარაგებენ შიდა ბაზარსაც. იცით, რომ ბოლო წლები ხასიათდება ხორცზე ფასის ზრდით. ესეც ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად დაბალანსდება. ჩვენ გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ ახალ ხორცზე თანდათანობით ხელმისაწვდომობა უფრო ნაკლებია, ამიტომ ეს გადაწყვეტილებაზე ხელმისაწვდომობასაც გაზრდის“, – განმარტა ხანიშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ცვლილება მეტ სტიმულს გააჩენს ფერმერებში, რომ მათ თავად გაზარდონ რქოსანი პირუტყვი, რაც საბოლოოდ განავითარებს არა მარტო მეხორცეული ჯიშის წარმოებას, არამედ საკვები ბაზის წარმოებას, განავითარებს იმ სეგმენტებს, რომელიც მნიშვნელოვანია მაღალპროდიქტიულ ჯიშებზე გადასვლისათვის.
უწყებაში ამბობენ, რომ მესაქონლეობის განვითარება არის საკმაოდ მომგებიანი, რენტაბელური საქმე და სწორედ ამის ხელშეწყობას ახორციელებს სამინისტრო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე 53 005 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 102 363 სული შეადგინა. მზარდი იყო ტენდენცია 2017 წელსაც და 134 134 სული შეადგინა. 2018 წელს მცირედით შემცირდა, თუმცა მაჩვენებელი მაინც მაღალი შენარჩუნდა – ექსპორტზე 127 139 სული მსხვილფეხა პირუტყვი გავიდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ძირითადად ერაყში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გადის.