მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება ექნებათ
მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება ექნებათ

მთავრობის დადგენილებით, 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომლებიც მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ექნებათ ვალდებულება, გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია.

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მთავრობის დადგენილებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2025 წლის იანვრიდან ყველა სამედიცინო კლინიკას, სტაციონარს, რომლებიც მონაწილეობენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, აქვთ ვალდებულება, გაიარონ საერთაშორისო აკრედიტაცია – იქნება ჩვენ მიერ შეთავაზებული ხუთი მაკრედიტირებელი საერთაშორისო კომპანიიდან ერთ-ერთი. მხოლოდ აკრედიტაციის დაკმაყოფილების შემთხვევაში ექნებათ მათ შესაძლებლობა, გააგრძელონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

ამავდროულად, მინისტრის განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა სამედიცინო აღჭურვილობისა და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირების საკითხზე.

„ვფიქრობ, მთავრობის მომდევნო სხდომაზე გამოვიტანთ სამედიცინო აღჭურვილობისა და სამედიცინო სახარჯი მასალების რეგულირების საკითხს, რომელიც გვინდა, 2024 წლიდან სავალდებულოდ შემოვიდეს და ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული ნებისმიერი სამედიცინო აღჭურვილობა, სახარჯი მასალა იქნება მკაცრად გაკონტროლებული. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ნაწილი ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების, ამიტომ არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.