მთავრობის ანგარიში - საქართველო პანდემიამდე არსებულ საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკას წარმატებით უბრუნდება
მთავრობის ინფორმაციით, საქართველო პანდემიამდე არსებულ საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკას წარმატებით უბრუნდება.
აღმასრულებელი ხელისუფლება პალამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ, 2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, სახეზე იყო ფრენების აღდგენის 88%-იანი მაჩვენებელი, ხოლო მგზავრთნაკადის აღდგენის 85%-იანი მაჩვენებელი.
„მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, შესრულებული ფრენების მიხედვით, ავიარეისები აღდგენილია 116%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი − 103%-ით. მთავრობისა და შესაბამისი უწყებების აქტიური ძალისხმევით, 2022 წელს საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირება დაიწყეს ავიაკომპანიებმა: „კონდორი“ (Condor), „ფლაიუან არმენია“ (FLYONE Armenia), „ვარეშ ეარლაინზი“ (Varesh Airlines), „ფლაიედილი“ (Flyadeal), „არმენია ეარვეისი“ (Armenia Airways), „პარს ეარი“ (Pars Air), „საუთვინდ ეარლაინზი“ (Southwind Airlines), „ეარ მოლდოვა“ (Air Moldova), „ტაი ეარ აზია იქსი“ (Thai Air Asia X) და „ფლაიარნა“ (FlyArna). 2023 წელს საქართველოს ბაზარზე შემოვა „სანექსპრესი“ (Sunexpress).
ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოდან დაბალბიუჯეტიანმა კომპანიამ, „ვიზ ეარმა“ (Wizz Air) მოახდინა მეორე ხომალდის ბაზირება, ხოლო 2023 წლის ივნისიდან და დეკემბრიდან დაანონსდა ავიაკომპანიის მესამე და მეოთხე ხომალდების ბაზირებები“, – ნათქვამია დოკუმენტში.
მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში საშუალოდ 350 რეგულარული რეისი სრულდება.
„ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ფრენები შესრულდება 40-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ 30-ზე მეტ ქვეყანაში კვირაში დაახლოებით 555 სიხშირით, რაც დადებით გავლენას იქონიებს მგზავრთა გადაადგილებასა და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენაზე ქვეყანაში“, – ნათქვამია ანგარიშში.