მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება
მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება

მთავრობის ინფორმაციით, საქართველოში ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება. პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში მთავრობა აღნიშნავს, რომ, 2022 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 5 426 903 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 58%-ით აღდგენის მაჩვენებელია.

„საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 3 652 949 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემების 71.9%-ით აღდგენის მაჩვენებელი და, 2021 წელთან შედარებით, +131.6%-იანი ზრდის მაჩვენებელია. აღდგენის დინამიკა სტაბილურობას განაგრძობს. 2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1 208 462-ით განისაზღვრა, რაც 2019 წლის მონაცემების 74.7%-ით აღდგენის მაჩვენებელია. ტურისტული ვიზიტების შემთხვევაში კი აღნიშნული აღდგენის მაჩვენებელი 95%-ს აჭარბებს (845 332 ტურისტული ვიზიტი)“, – აღნიშნავს მთავრობა.

მთავრობის ცნობით, 2023 წელს, პირველად ქვეყნის ისტორიაში, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ღირსეულად წარსდგა ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე − ITB Berlin 2023, რაც მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენისა და ტურისტული პროდუქტების გაცნობის უდიდეს შესაძლებლობას წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩატარდა LIVE ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 5 500-მა მონაწილემ 160-ზე მეტი ქვეყნიდან.