მთავრობა შრომის ინსპექციის შექმნას აპირებს, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი ექნება
მთავრობა შრომის ინსპექციის შექმნას აპირებს. აღნიშნულის შესახებ საუბარია საგაზაფხულო სესიისთვის მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანონშემოქმედებით გეგმაში.
გეგმაში შრომის ინსპექციის შექმნის კონკრეტული თარიღი მოცემული არ არის, მაგრამ მთავრობა განმარტავს, რომ შრომის ინსპექცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.
მათი ცნობით, განისაზღვრება შრომის ინსპექციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, უფლებები და მოვალეობები.
„აღნიშნული კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ შრომის ინსპექცია გახდეს უფრო მეტად დამოუკიდებელი ორგანო და მისი საქმიანობა განხორციელდეს დამოუკიდებლად, საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“, – განმარტავს მთავრობა.