რაც უფრო შორს მიდიხარ წარსულში, მით უფრო მცირდება არქეოლოგიური მასალა. ადამიანთა მიერ გამოყენებული მასალების უმეტესობა — მერქანი, ტყავი თუ ქსოვილები, დიდხანს ვერ ძლებს და დროთა განმავლობაში მიწა შთანთქავს. შიგირის კერპი ამ მხრივ ნამდვილი სასწაულია.
ამ ხის სკულპტურას ნიღბის მსგავსი რამდენიმე სახე აქვს და ათასობით წლის წინ არის გამოქანდაკებული. ათასწლეულებს მან ურალის მთებში, შიგირის ტორფის ჭაობში, მჟავა, ანტიმიკრობულ გარემოში ყოფნის გამო გაუძლო.
როგორც ახალი კვლევით ირკვევა, ქანდაკება იმაზე უფრო ძველია, ვიდრე გვეგონა.
ათი ნაწილისგან შემდგარი ქანდაკება 1890 წელს აღმოაჩინეს და ძველი ეპოქის კერპის მსგავს ფიგურად ჩათვალეს. მისი ნამდვილი მნიშვნელობის დადგენას კიდევ ერთი საუკუნე დასჭირდა. 1990-იან წლებში ჩატარებულმა რადიონახშირბადულმა დათარიღებამ დაადგინა, რომ შიგირის კერპი იმაზე გაცილებით ძველი იყო, ვიდრე მიიჩნეოდა — დათარიღება მიუთითებდა, რომ მისი ასაკი დაახლოებით 9750 წელი იყო.
მეცნიერები სახტად დარჩნენ. არა მხოლოდ არტეფაქტის ასე ბრწყინვალე მდგომარეობაში შემონახვის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ბევრი ექსპერტის აზრით, ხელოვნების ასეთი სტილი ზედმეტად დახვეწილი იყო იმ პერიოდის ხალხისთვის.
2018 წელს მეცნიერებს კიდევ ერთხელ ელოდათ გაოცება. თავდაპირველი რადიონახშირბადული დათარიღება მერქნის ძელის გარე ნაწილიდან აღებული ნიმუშის საფუძველზე იყო ჩატარებული და ძლიერ ეტყობოდა გარემო პირობების ზემოქმედება. მკვლევართა ჯგუფმა ანალიზები ამჯერად სკულპტურის უფრო შიდა ნაწილიდან გამოღებულ ნიმუშებს ჩაუტარა და დაადგინა, რომ ის დაახლოებით 11 600 წლისაა.
ამავე ჯგუფის სამმა წევრმა, გერმანიის ქალაქ გოტინგენის უნივერსიტეტის არქეოლოგმა თომას ტერბერგერმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგმა მიხაილ ჟილინმა და სვერდლოვსკის რეგიონული მუზეუმის არქეოლოგმა სვეტლანა სავჩენკომ ნახშირბადით დათარიღების სხვადასხვა შედეგებს ხელახალი ანალიზები ჩაუტარა. აღმოჩნდა, რომ სკულპტურა კიდევ უფრო ძველია.
როგორც ჩანს, ქანდაკებაში გამოყენებული მერქანი დაახლოებით 12 250 წლისაა. გამომდინარე იქიდან, რომ შიგირის კერპი დამზადებულია ლარიქსის ხის მერქნისგან, რომელსაც 159 წლიური რგოლი ჰქონია, სკულპტურა მისგან დაახლოებით 12 100 წლის წინ უნდა გამოეკვეთათ, ანუ 500 წლით უფრო ადრე, ვიდრე ამას 2018 წელს ჩატარებული ანალიზი აჩვენებდა.
ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სკულპტურა ბოლო გამყინვარების ხანის დასასრულს და ჰოლოცენის ეპოქის დასაწყისშია გამოჭრილი. შედარებისათვის გეტყვით, რომ სტოუნჰენჯი დაახლოებით 5000 წლის წინ არის აშენებული.
„კერპი დიდი კლიმატური ცვლილების ხანაშია დამზადებული, როდესაც გვიანდელი გამყინვარებისა და გამყინვარების შემდგომ ევრაზიას ადრეული ტყეები ფარავდა“, — უთხრა ტერბერგერმა The New York Times-ს.
მისივე განცხადებით, ლანდშაფტის შეცვლასთან ერთად, შეიცვალა მღვიმეებში კლდეებზე გამოსახულ და ქვისგან გამოკვეთილ ცხოველთა ფიგურული დიზაინიც. სავარაუდოდ, ადამიანები ამით მათ წინაშე შეცვლილ გარემოსთვის თავის გართმევას ცდილობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებით არ ვიცით, რისთვის იყენებდნენ შიგირის კერპს, თავად მისი არსებობა უკვე მიუთითებს ხელოვნებისა და ოსტატობის დაფასებაზე. როგორც ჩანს, ხალხი, რომელმაც ის შექმნა, იმ დროს უკვე ისე აფასებდა სიმბოლიზმს, რომელიც მკვლევრებს გაცილებით გვიან გამოჩენილ მოვლენად მიაჩნდათ.
მკვლევართა განცხადებით, არქეოლოგიურ მასალაში ისეთ ობიექტთა არარსებობა, რომლებიც ამ დონის კულტურასა და სულიერებაზე მიუთითებს, არ უნდა მივიჩნიოთ კულტურის ნაკლებობად. ხალხი, რომელმაც შიგირის კერპი შექმნა, აშკარად ფლობდა ხეზე მუშაობის უნარებს; ძნელი წარმოსადგენია, რომ იმ დროს მხოლოდ ეს ერთი ამ სახის არტეფაქტი შეექმნათ.
უფრო მეტიც, სკულპტურაზე არსებული გეომეტრიული ჩუქურთმები ძალიან ჰგავს ევროპაში აღმოჩენილ იმავე პერიოდის მახასიათებლებს.
მკვლევართა აზრით, ქანდაკება მიუთითებს მონადირე-შემგროვებელ ხალხზე, რომელიც ურალში მეზოლითის ხანაში ცხოვრობდა, იყო სულიერად საკმაოდ კომპლექსური და მდიდარი; იმ პერიოდის ხელოვნების ნიმუშთაგან დღემდე ძალიან, ძალიან მცირე რაოდენობაა მოღწეული.
„უნდა შევთანხმდეთ, რომ მონადირე-შემგროვებლებს კომპლექსური რიტუალები ჰქონდათ და შეეძლოთ, იდეები და ხელოვნება საკმაოდ დახვეწილად გამოეხატათ. ასეთი რამ ფერმერებმა კი არ დაიწყეს, არამედ გაცილებით ადრე, მონადირე-შემგროვებლებმა“, — უთხრა ტერბერგერმა 2018 წელს The Guardian-ს.
ურალის რეგიონში ტორფის ბევრი ჭაობია; ათასობით წლის წინანდელი ხის არტეფაქტები ზოგიერთ მათგანში ასევე აღმოაჩინეს.
მათი უმეტესობა დღემდე შეუსწავლელია, გათხრების წარმოება კი საკმაოდ ძვირი და ხანგრძლივი პროცესია. ამიტომ, მათ წყვდიად სიღრმეში არსებული მრავალი საიდუმლო ალბათ კიდევ დიდხანს ვერ იხილავს დღის სინათლეს.
კვლევა Quaternary International-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია The New York Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.