მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 407 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
მსოფლიოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 407 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აღრიცხულია 120 მილიონზე მეტი შემთხვევა, დაიღუპა 2 664 000 პაციენტი.
კოვიდინფიცრებულთა რაოდენობითა და გარდაცვლილთა რიცხვით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, აშშ-ში რეგისტრირებულია 29 მილიონ 581 ათასი კოვიდინფიცირებული, დაიღუპა 537 ათასი ადამიანი. მეორე ადგილზეა ბრაზილია, სადაც ვირუსი 11 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მესამე ადგილს ინდოეთი იკავებს 11 მილიონ 400 ათასი დაავადებულით, ხოლო მეოთხეზეა რუსეთი, სადაც „კოვიდ-19“ 4 მილიონ 368 ათას ადამიანს დაუდგინეს.
ბოლო დღეებში ვირუსის ახალი შემთხვევები მატულობს ევროპაშიც. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სიტუაცია გაურესდა ახალი შტამების გამო. მისივე თქმით, არსებობს მესამე ტალღის საფრთხე.
17 მარტს კორონავირუსის შემთხვევების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა პოლონეთში, უნგრეთსა და ჩეხეთში. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს ასევე იტალიასა და საფრანგეთშიც.