მსოფლიოს უდიდეს ოკეანურ უდაბნოში პატარა ორგანიზმები აღმოაჩინეს
17:10, 08.07.2019
წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის შუაგულში არის ადგილი, რომელიც ხმელეთისგან დედამიწაზე ყველაზე მეტად არის დაშორებული. ოკეანე იქ სრულიად განსხვავებულია.
ეს შორეული წყლები მოქცეულია სამხრეთ წყნაროკეანური წრიული ბრუნვის შუაგულში, მის ცენტრში კი მდებარეობს ოკეანის უკიდურესად მოშორებული ნაწილი, რომელსაც კოსმოსურ ხომალდთა სასაფლაოდ იყენებენ.
საინტერესოა, გარდა დამწვარი ხელოვნური თანამგზავრებისა, ბინადრობს თუ არა რაიმე არსება ამ შორეული ტალღების ქვეშ?
მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ არც თუ ისე ბევრი რამ. სამხრეთ წყნაროკეანური წრიული ბრუნვა ოკეანის ზედაპირის 10 პროცენტს იკავებს და უდიდესია დედამიწის ხუთ გიგანტურ ოკეანურ წრიულ დინებათა სისტემას შორის. წყლის ბიოლოგიის თვალსაზრისით, ეს ადგილი უდაბნოდ მიიჩნევა.
მიუხედავად ამისა, გარკვეულ ფაქტორთა გამო, გარკვეული ქმნილებები იქ მაინც ბინადრობენ.
რეგიონის გაუდაბნოების ძირითადი მიზეზია ხმელეთისგან სიშორე, წყლის მორევისებური დინებები ახდენს წრიული ბრუნვის იზოლირებას დანარჩენი ოკეანისგან და ულტრაიისფერი გამოსხივების მაღალ დონეს.
ამ რეგიონის ბინადართა შესახებ სინამდვილეში არც თუ ისე ბევრი რამ ვიცით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ოკეანური უდაბნოს შესწავლა ძალიან რთულია — არის უკიდურესად მოშორებული და დიდი, მოიცავს 37 მილიონ კვადრატულ კილომეტრს.
მიუხედავად ასეთი გამოწვევებისა, ახალი საერთაშორისო კვლევის შედეგად, ახლა უკვე გვაქვს გარკვეული უპრეცედენტო ცნობები ამ წყლების ბინადარ მიკროორგანიზმთა შესახებ.
2015 წლის დეკემბრიდან 2019 წლის იანვრამდე, გერმანული კვლევითი ხომალდით, სახელად FS Sonne, მეცნიერებმა ექვსკვირიანი ექსპედიცია მოაწყვეს; ამ ზონის ჩათვლით მათ სულ 7000 კილომეტრი გაიარეს, ჩილედან ახალ ზელანდიამდე. გზადაგზა მეცნიერებმა მიკრობთა პოპულაციის ნიმუშები აიღეს 20-5000 მეტრ სიღრმეებში. ამისათვის მათ ანალიზების ახალი სისტემა გამოიყენეს, რომლის საშუალებითაც გზადაგზა, 35 საათის განმავლობაში ხდება ორგანული ნიმუშების გამოვლენა.
ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, მიკრობული ეკოლოგის, ბერნარდ ფუხსის განცხადებით, მათდა გასაკვირად, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის ზედაპირულ წყლებში სამჯერ ნაკლები მიკრობები იპოვეს, ვიდრე სამხრეთ წყნაროკეანურ წრიულ ბრუნვაში. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ოკეანის ზედაპირისთვის ამ დრომდე ჩატარებულ გაზომვებს შორის.
ჯგუფის მიერ აღმოჩენილ მიკრობებს შორის ძლიერ დომინირებდა ბაქტერიების 20 მთავარი ჯგუფი. ძირითადად იყო ისეთი ორგანიზმები, რომლებიც მეცნიერებს სხვა წრიულ ბრუნვებშიც უნახავთ, მათ შორის SAR11, SAR116, SAR86 და Prochlorococcus-ი.
მიკრობულ საზოგადოებათა გადანაწილება დიდწილად დამოკიდებულია წყლის სიღრმეზე, ტემპერატურულ ცვლილებებზე, საკვებ ნივთიერებათა კონცენტრაციასა და სინათლის ხელმისაწვდომობაზე.
წრიული ბრუნვის ზედაპირულ წყლებში განსაკუთრებით უხვად იყო ერთ-ერთი პოპულაცია, AEGEAN–169. აღსანიშნავია, რომ წინა კვლევის დროს ეს პოპულაცია წყალში მხოლოდ 500 მეტრ სიღრმეში აღმოაჩინეს.
საერთო ჯამში, კვლევამ დაადასტურა, რომ სამხრეთ წყნაროკეანური წრიული დინება უნიკალური ულტრალიგოტროფული ჰაბიტატია, სადაც საკვებ ნივთიერებათა სიმცირე ზღუდავს ოლიგოტროფულ ორგანიზმთა ზრდას.
მარტივად რომ ვთქვათ, სამხრეთ წყნაროკეანურ წრიულ დინებას უდაბნოს რეპუტაცია ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ამ შორეულ, თითქმის უსიცოცხლო წყლებს მაინც აქვს ერთი ნათელი მხარე — ოკეანის წყალი იქ მსოფლიოში ყველაზე სუფთაა.