მსოფლიოს შვიდი უმდიდრესი ქალი - „ბიბისის“ რეიტინგში ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მესამე ადგილზეა
მსოფლიოს შვიდი უმდიდრესი ქალი - „ბიბისის“ რეიტინგში ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე მესამე ადგილზეა

ბიბისიმ“ მსოფლიოს უმდიდრესი ქალების რეიტინგი გამოაქვეყნა. ამ რეიტინგში მესამე ადგილზე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი ცოლი მოხვდა. მაკკენზი ბეზოსი მეუღლეს ცოტა ხნის წინ გაშორდა. როგორც ცნობილია განქორწინების შემდეგ, ბეზოსის მეუღლე ბიზნესმენის კუთვნილი კომპანია „ამაზონის“ ოთხ პროცენტს, ანუ დაახლოებით 35 მილიარდ დოლარს მიიღებს.

როგორც აღმოჩნდა, მაკენზი ბეზოსი განქორწინების შემდეგ, ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მხოლოდ 24-ე პოზიციას დაიკავებს, თუმცა ქალებს შორის მესამე იქნება.

„ბიბისის“ რეიტინგის მიხედვით, პირველი ადგილი ამ ნუსხაში ფრანგ ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსს უკავია. მის ქონებას ექსპერტები 49,3 მილიარდ დოლარად აფასებენ. ფული მას მემკვიდრეობით ერგო. ფრანსუაზა საფრანგეთის ყველაზე მდიდარი ქალის, კოსმეტიკური კომპანია „ლორეალის“ დამფუძნებელ ლილიან ბეტანკურის შვილია. ახლა ფრანსუაზა ამ კომპანიის აქციების 33 პროცენტს ფლობს.

აღსანიშნავია, რომ დედა-შვილს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ. საქმე სასამართლომდეც კი მივიდა. ფრანსუაზა ამტკიცებდა, რომ დედის ჯანმრთელობის გაუარესებით მისი გარემოცვის წევრები სარგებლობენ და ლილიან ბეტანკურს ძარცვავენ.

დედა-შვილი, ყველაზე მდიდარი ფრანგი ქალის გარდაცვალებამდე, რამდენიმე წლით ადრე შერიგდა.

ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი ამაჟამად კვლევითაა დაკავებული და რამდენიმე ნაშრომიც აქვს გამოქვეყნებული. მათ შორის, ბერძნული ღმერთებისა და ებრაელებისა და ქრისტიანების ურთიერთობების შესახებ.

 ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი

მეორე ადგილი ყველაზე მდიდარი ქალების ნუსხაში 69 წლის ალის უოლტონს უკავია. ის სუპერმარკეტების ცნობილი ქსელის „ვოლმარტის“ მფლობელ სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილია. მის ქონებას ექსპერტები 44,4 მილიარდ დოლარად აფასებენ.

ძმებისგან განსხვავებით, ალისი კომპანიის მართვაში არ მონაწილეობდა. ის არკანზასში მდებარე ამერიკული ხელოვნების მუზეუმის ხელმძღვანელია.

ალის უოლტონი

მესამე ადგილზეა უკვე ნახსენები მაკკენზი ბეზოსი, რომელიც ახლა 35 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს. ის ჯეფ ბეზოსს ცოლად 1993 წელს გაჰყვა, როდესაც ბიზნესმენი ჯერ ისეთი მდიდარ არ ყოფილა, როგორც ახლაა.

ცნობილია, რომ მაკკენზი კომპანია „ამაზონის“ ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი თანამშრომელია. მაკკენზიმ ბოლო წლებში, ორი რომანი დაწერა და გამოაქვეყნა. ასევე, დაარსა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ბულინგს ებრძვის.

მაკკენზი და ჯეფ ბეზოსები

ყველაზე მდიდარი ქალებიდან მეოთხე ჟაკლინ მარსია. მისი ქონება 23,9 მილიარდი დოლარია. სწორედ მას გაუსწრო მაკკენზი ბეზოსმა მეუღლესთან განქორწინების შემდეგ.

79 წლის ჟაკლინს კომპანია „მარსის“ აქციების მესამედი ეკუთვნის. ეს კომპანია ყველასთვის ცნობილ შოკოლად „მარსს“ და სხვა უამრავ პროდუქტს აწარმოებს. მათ შორისაა შინაური ცხოველების საკვები.

„მარსი“ ჟაკლინის ბაბუამ ფრენკ მარსმა დააფუძნა.

ჟაკლინ მარსი კომპანიაში 20 წელი მუშაობდა და 2016 წლამდე იკავებდა ადგილს დირექტორთა საბჭოში. ახლა ის ფილანტროპია, ასევე ვაშინგტონის ოპერისა და ეროვნული არქივის დირექტორთა საბჭოს წევრია.

 

მეხუთე ადგილზეა ჩინელი იან ხუეიანი. 37 წლის ქალს 22,1 მილიარდი დოლარი აქვს. ის დეველოპერული სამშენებლო კომპანია „ქაუნთრი გარდენ ჰოლდინგის“ აქციების მფლობელია.

როგორც ვებგვერდზეა ნათქვამი, ეს მსოფლიოში სიდიდით მესამე სამშენებლო კომპანიაა.

იან ხუეიანმა, რომელსაც ოჰაიოს უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ქონება ასევე მემკვიდრეობით, მამისგან მიიღო.

 

მეექვსე საპატიო ადგილი მდიდარი ქალების სიაში სიუზან კლატენს ერგო. 56 წლის გერმანელი 21 მილიარდ დოლარს ფლობს.

როგორც ცნობილია, ის ფარმაცევტული და ავტომწარმოებელი კომპანიების აქციების დახმარებით გამდიდრდა. თუმცა, მას ეს ქონება მშობლებმა დაუტოვეს.

ახლა კლატენს ქიმიური კომპანია „ალტანა ეი-ჯის“ 50 პროცენტი ეკუთვნის. ხოლო მისი ძმა „ბე-ემ-ვეს“ აქციების 50 პროცენტს ფლობს.

 

სიუზან კლატენი

მეშვიდე ადგილზეა ლორინ პაუელ ჯობსი, რომელსაც 18,6 მილიარდი აქვს. სტივ ჯობსის ქვრივმა, „ეფლის“ დამფუძნებლის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახთან ერთად „ეფლისა“ და „დისნეის“ აქციები მიიიღო.

55 წლის ლორინმა თანხის ნაწილი ჟურნალისტიკაში ჩადო და ჟურნალ „ატლანტიკის“ აქციები შეისყიდა. ასევე, ფული დააბანდა „მაზერ ჯონსში“ და „პრო პუბლიკაში“.

ლირინი ასევე ეხმარება იმ ადამიანებს, ვინც განათლებისა და მიგრაციული კანონის რეფორმაზე მუშაობს.

ლორინ პაუელ ჯობსი