ინდიან უელსის ქალთა ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. ფინალური წყვილი სენსაციურია – მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს შეხვდებიან იაპონელი ნაომი ოსაკა და რუსი დარია კასატკინა.
ოსაკამ, რომელმაც ნახევარფინალამდე მარია შარაპოვას, აგნიეშკა რადვანსკასა და კაროლინა პლიშკოვას მოუგო, ფინალის საგზური მსოფლიოს პირველი ჩოგანის, რუმინელი სიმონა ჰალეპის განადგურებით მოიპოვა – 6:3, 6:0.
ბრძოლა ამ მატჩში მხოლოდ პირველი სეტის პირველ ნაწილში მიდიოდა, როცა მეტოქეებმა ბრეიკები გაცვალეს და ანგარიში 3:3 იყო, მაგრამ მას შემდეგ ოსაკამ ზედიზედ ცხრა გეიმი მოიგო. შეხვედრა საათსა და ხუთ წუთს გრძელდებოდა.
მეორე ნახევარფინალი თითქმის სამ საათს გაგრძელდა და კასატკინამ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო TOP10-ის წარმომადგენლებთან. ამჯერად, მან სამ სეტში აჯობა ვეტერან ამერიკელს ვინუს უილიამსს – 4:6, 6:4, 7:5.