შესაძლოა, აშშ-ის ღია პირველობა ინდიან უელსში გადაიტანონ
შესაძლოა, აშშ-ის ღია პირველობა ინდიან უელსში გადაიტანონ

2020 წელს აშშ-ის ღია პირველობა, შესაძლოა, ინდიან უელსში გაიმართოს.

როგორც გაზეთი „მარკა“ წერს, „დიდი სლემის“ ტურნირის ნიუ იორკიდან ინდიან უელსში სავარაუდო გადატანა იმას უკავშირდება, რომ ნიუ იორკში გაცილებით მძიმე სიტუაციაა კორონავირუსთან დაკავშირებით და ინდიან უელსში უფრო მალე აღმოიფხვრება ეს პრობლემა.

დღეისთვის, ნიუ იორკი ამერიკის შეერთებული შტატებში კორონავირუსის პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქია, ხოლო აშშ-ის ღია პირველობის სტადიონზე დროებით საავადმყოფოა მოწყობილი.

ინდიან უელსში, ყოველი წლის გაზაფხულზე იმართება ATP-სა და WTA-ის უმსხვილესი ტურნირი. იქაური ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად ერგება „დიდი სლემის“ ტურნირის ჩატარებას. წელს, ინდიან უელსში ტურნირები კორონავირუსის გამო არ გაიმართა.

აშშ-ის ღია პირველობის სტარტი 24 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი. ტურნირის მოქმედი ჩემპიონები არიან ესპანელი რაფაელ ნადალი და კანადელი ბიანკა ანდრეესკუ.