იყო დრო, დედამიწას ჩვენ, მისი ყველა ბინადარი ერთნაირად ვიყოფდით. მაგრამ მძიმე ინდუსტრიული ექსპანსიიდან ათწლეულების შემდეგ, ჩვენს პლანეტაზე სულ თითზე ჩამოსათვლელი დარჩა პირველყოფილი, ხელუხლებელი ადგილები.
დღეისათვის, გადარჩენილი ველური ბუნების 70 პროცენტი თავს იყრის მსოფლიოს მხოლოდ ხუთ ქვეყანაში.
მთელი ამ დესტრუქციის რეალობა ასახულია მსოფლიოს ხელუხლებელი ეკოსისტემების ახალ გლობალურ რუკაზე, რომელსაც უწოდეს „რაღა დარჩა?“ (What’s Left?).
პასუხი? — არც ისე ბევრი.
როგორც კვლევამ აჩვენა, ანტარქტიკისა და ღია წყლების გარდა, ხმელეთის 77 პროცენტი და ოკეანეების 87 პროცენტი პირდაპირ შეცვალა ადამიანთა საქმიანობამ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელუხლებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ ხმელეთის მხოლოდ 23 პროცენტიღა.
კვლევის ავტორის, ჯეიმზ უოტსონის განცხადებით, ასეთი შედეგები სხვა არაფერია, თუ არა ნამდვილი საშინელებათა ამბავი პლანეტის უკანასკნელი ველური ადგილების შესახებ.
იმის გასარკვევად, თუ რომელ ქვეყნებშია თავმოყრილი შემორჩენილი ველური ბუნება, ავსტრალიის კუინზლენდის უნივერსიტეტისა და ველური ბუნების კონსერვაციის საზოგადოების (WCS) მკვლევრებმა გლობალური რუკა შექმნეს, რომელზეც შემდეგ მსოფლიო ქვეყნების საზღვრებიც დაიტანეს.
შედეგებმა აჩვენა, რომ მსოფლიოს ველური ბუნების 94 პროცენტი თავს იყრის 20 ქვეყანაში.
მათი პირველი ხუთეული კი ასეთია — რუსეთი, კანადა, ავსტრალია, აშშ და ბრაზილია.
ეჭვგარეშეა, უკიდურესად დიდია ამ ხუთი ქვეყნის პასუხისმგებლობა ჩვენი პლანეტის მომავლისთვის.
იმის გამო, რომ ბუნების უკანასკნელი ბასტიონები დაუცველია, შედეგები შესაძლოა, უზარმაზარი იყოს. ველური ბუნების ეს ზონები არა მხოლოდ მავალი სახეობის მცენარისა და ცხოველის თავშესაფარია, არამედ ინახავს დიდი ოდენობით ნახშირბადსაც და გადამწყვეტი ბუფერია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ.
თუმცა, ამ ზონების დაცვა ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამ ქვეყნებს მოუწევთ შეამცირონ თავიანთ ინფრასტრუქტურის გაფართოება, ასევე სამთო მოპოვების, მეტყევეობის, სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო თევზჭერის შემცირება.
„ველური ბუნების დაცვა შესაძლებელია მხოლოდ გლობალურად, თუკი ეს ქვეყნები საკუთარ თავზე აიღებენ ლიდერობას. მაგრამ ამ დროისათვის, ასეთი ლიდერობა არ არსებობს. ჩვენ უკვე ძალიან ბევრი დავკარგეთ. აუცილებელია გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, ველური ბუნების გადასარჩენად, სანამ ის სამუდამოდ გამქრალა“, — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი ჯონ რობინსონი.
კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა საერთაშორისო პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც დარჩენილ ველურ ბუნებას 100 პროცენტით დაიცავს.
ისინი პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ გაერო-ს ხელუხლებელი ეკოსისტემების დაცვის სტრატეგიულ გეგმასა და პარიზის კლიმატის შეთანხმებას.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია sciencedaily.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.