გიორგი კვირიკაშვილი - მშენებლობის პროცესში კომპრომისები მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას კიდევ ერთხელ, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ბათუმში მომხდარს 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და სწორედ ამიტომ 27 ნოემბერი გლოვის დღედ იყო გამოცხადებული.
“დამეთანხმებით, რომ უმძიმესი დღეები იყო ყველა ჩვენგანისთვის. ბათუმში ჩასვლისას განვაცხადე, რომ ამ შემთხვევას უნდა მოჰყვეს უმკაცრესი რეაგირება და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, გამოძიება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, უნდა გატარდეს პრევენციული ზომები იმისათვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ ასეთი ტრაგედიები. ხანძრები ყველგან ხდება და არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ აქ არ მოხდება, თუმცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ასეთი მსხვერპლი თავიდან იყოს აცილებული”, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის დაგეგმარების, პროექტის დამტკიცებისა და ექსპლუატაციაში მიღების პროცესში.
“ნებისმიერი ინვესტიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე არის უფრო მნიშვნელოვანი და მოვუწოდებ ყველა შესაბამის ორგანოს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი ამ მიმართულებით. მივესალმები, რომ თბილისის მერი უკვე გამოეხმაურა ამ საკითხს და მისი დამოკიდებულებაც აბსოლუტურად ანალოგიურია. ასევე, მინდა, ზურაბ ალავიძეს ვთხოვო, რეგიონებში კიდევ ერთხელ ჩავატაროთ სამუშაო კამპანია, რათა მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიღების პროცესში არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ იყოს დაშვებული”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.