მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 30 ათას ლარამდე გაიზრდება
მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სადაც მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება.
„მინდა მადლობა ვუთხრა პარლამენტს მხარდაჭერისთვის. ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით მშენებლობებზე. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად ცვლილებებს რაც შეეხება. დღეს თუ რამე დარღვევა იკვეთება პირველ ეტაპზე, მათ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება აქვთ, განმეორების შემთხვევაში 3 000-ლარიანი ჯარიმა და ეს ჯარიმა ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. მომზადებული ცვლილებების მიხედვით, პირველივე დარღვევაზე ჯარიმა იქნება 30 ათასი ლარის ოდენობის. კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მაგალითად მიმდინარეობდა მშენებლობა და დარღვევების გამო, ჰქონდათ მშენებლობა შეჩერებული, მიუხედავად შეჩერებისა, ინვესტორი კონკრეტული კომპანია აგრძელებს მუშაობას ის დაჯარიმდება 50 ათასი ლარით”, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ასევე უკანონო მშენებლობებზე, თუ ტერიტორია, მიწა არის სახელმწიფოს საკუთრება და მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, ჯარიმა იქნება 25 ათასი ლარი, კერძო საკუთრებაზე კი – 20 ათასი ლარი.
„ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას, რაც ჩვენ გვაქვს მშენებლობებზე, რომ ჩაფხუტებისა და ყოველგვარი დამცავის გარეშე მუშაობენ. მშენებლის ინტერესში უნდა იყოს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები მუშაობდნენ უსაფრთხოდ. მგონია, რომ ეს ჯარიმები არსებული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სამშენებლო სამუშაოების დროს შრომის უსაფრთხოებაზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მომზადდება, რომელიც პარლამენტში ინიცირებულ „პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსს“ დაემატება.