მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 50 ათასი ლარით დაჯარიმდება
მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 50 ათასი ლარით დაჯარიმდება

მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა 50 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელიც სამშენებლო რეგულაციების გამკაცრების საკითხზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

კახა კალაძის თქმით, ასევე, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმა გაიზრდება და 25 ათას ლარს შეადგენს, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე 20 ათასი ლარი იქნება.

ამასთან, მერიის ინიციატივით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 30 ათას ლარამდე გაიზრდება.

კახა კალაძის თქმით, ჯარიმების გაზრდა არსებული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს.

„ერთის მხრივ, ეს ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ჩვენ გვაქვს მშენებლობებზე, რომ ჩაფხუტების და ყოველგვარი დამცავის  გარეშე მუშაობენ. თავად მშენებლის ინტერესში უნდა იყოს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ მუშაობდნენ. მგონია, რომ ეს ჯარიმები არსებული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, უკვე გაიმართა შესაბამისი კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, მენაშენეთა ასოციაციასთან და ცვლილებებს მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს.

„არსებობს ასევე მენტალური პრობლემა, რაც იკვეთება სამშენებლო სამუშაობის დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით. ერთიანი თანადგომით, მგონია რომ ამას შევძლებთ. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები პრემიერ- მინისტრთან, ეკონომიკურ გუნდთან. მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს ცვლილებებს, რომელსაც ვახორციელებთ. გარდა ამისა, შევხვდით მენაშენეთა ასოციაციას და არის მაქსიმალური თანადგომა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

შეკითხვაზე, თუ რამდენად ეფექტიანი იქნება ახალი ინიციატივების აღსრულების მექანიზმი, კალაძე ამბობს, რომ მერის თანამდებობაზე უფლებამოსილების განხორციელებისთანავე, მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ზედამხედველობის სამსახურის გააქტიურებაა იყო.

„ვგეგმავთ ზედამხედველობის სამსახურის რებრენდიგს და გაზაფხულზე დავასრულებთ ამ პროცესს. ვფიქრობ, სამსახური, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით, ძალიან წარმატებული და მკაცრი იქნება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სამშენებლო სამუშაოებსა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მზადდება.