mRNA ტექნოლოგიით შექმნილმა პრეპარატმა თაგვებში მიწის თხილზე ალერგიები განკურნა და პრევენციაც შეძლო — #1tvმეცნიერება
mRNA ტექნოლოგიით შექმნილმა პრეპარატმა თაგვებში მიწის თხილზე ალერგიები განკურნა და პრევენციაც შეძლო — #1tvმეცნიერება

მიწის თხილზე ალერგიების სამკურნალოდ, სასწრაფოდ საჭიროა მეტი და თანაც სწრაფმოქმედი პრეპარატი. ახალი კვლევა წარმოაჩენს პრეპარატის შექმნისთვის საჭირო იმედისმომცემ ტექნოლოგიას, რომელიც ნანონაწილაკს ეფუძნება.

თაგვებზე ჩატარებულ ტესტებში, ნანონაწილაკმა მიწის თხილზე ალერგიები უკუაქცია, და თავიდანვე შეძლო მათი განვითარების პრევენცია. თუკი ადამიანებშიც იგივე რეაგირება დაფიქსირდა, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიძლება სამუდამოდ შეიცვალოს.

პრეპარატის მთავარი კომპონენტია ცილის ფრაგმენტი, სახელად ეპიტოპი; ის სპეციალურად შექმნილი ანტიგენია (სუბსტანცია, რომელიც იმუნური სისტემის შეპასუხებას იწვევს), რომელიც ცილაში ალერგიული რეაქციის გამომწვევ ნაწილს ახშობს.

იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ალერგენის მოდიფიცირებული ვერსიის ზემოქმედება ხელს უწყობს ორგანიზმის მომზადებას რეალური ნივთიერების სრული სიძლიერის წინააღმდეგ — ამ შემთხვევაში, მიწის თხილის წინააღმდეგ.

თუ გაგიმართლა და სწორი ეპიტოპი შეარჩიე, არსებობს იმუნური მექანიზმი, რომელიც რეაქციებს ყველა სხვა დანარჩენ ფრაგმენტში აფერხებს. ამგვარად, უნდა მიმართოთ მთელ რიგ იმ ეპიტოპებს, რომლებიც დაავადებაში რაიმე როლს ასრულებენ“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის იმუნოლოგი ანდრე ნელი.

ასეთ მეთოდს იყენებდნენ ადრეულ კვლევებში, მაგრამ ახალ ექსპერიმენტში, მკვლევრებმა დამატებით ინგრედიენტებსაც მიმართეს: შაქრის მოლეკულას, რომელიც ანტიგენთან მებრძოლ იმუნურ უჯრედებს ებმის და გამოიყენეს ბიოლოგიური ინფორმაციული რნმ (mRNA), რათა ეპიტოპში ინსტრუქციები ჩაეშენებინათ.

mRNA ელემენტის დამატებით, მკვლევრებმა უფრო ადვილად შეძლეს ნანონაწილაკის ჩატვირთვა და მრავალ ეპიტოპზე მორგება. ასეთივე მიდგომაა გამოყენებული COVID-19-ის ვაქცინაში, სადაც კორონავირუს SARS-CoV-2-ის მთლიანი წვეტი ცილა იშიფრება, რათა წარმოიქმნას იმუნური პასუხი.

აწყობის შემდეგ, მკვლევრებმა ნანონაწილაკები ღვიძლს დაუმიზნეს. ეს ორგანო ყველა შემხვედრ უცხო სუბსტანციაზე გადამეტებულად არ რეაგირებს; სწორედ იქ ბინადრობენ ანტიგენის წარმდგენი უჯრედები — უჯრედები, რომლებიც სხეულს ასწავლიან, თავდაცვისას არ წარმოქმნას ჭარბი ალერგიული რეაქცია.

„რამდენადაც მოვიძიეთ, ალერგიულ დაავადებებში mRNA ტექნოლოგია ჯერ არასოდეს გამოყენებულა“, — ამბობს ნელი.

თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტთა სერიაში გამოვლინდა, რომ ნანონაწილაკებმა მიწის თხილზე ალერგიული რეაქცია შეამცირეს და სხეულში გაზარდეს იმ ნივთიერებათა წარმოება, რომელმაც მომავალში უნდა წარმოქმნას მიწის თხილისადმი შემწყნარებლობა.

ამ ნივთიერებებს შორის იყო ანტისხეულები, ციტოკინები (იმუნური პასუხისთვის გადამწყვეტი ცილები) და ფერმენტები (ცილები, რომლებიც სხეულში კონკრეტულ ქიმიურ რეაქციებს წარმართავენ). ნანონაწილაკების სარგებელი მაინც შენარჩუნდა იმის მიუხედავად, იყვნენ თუ არა თაგვები წინასწარ მგრძნობელობამომატებული მიწის თხილის ალერგენების მიმართ.

მკვლევართა განცხადებით, mRNA დიზაინის წყალობით, შესაძლებელია პრეპარატის მორგება სხვა ალერგიებსა და ავტოიმუნურ დაავადებებზეც. შეიძლება გამოსადეგი აღმოჩნდეს I ტიპის დიაბეტის სამკურნალოდაც, რომელშიც ასევე ჩართულია იმუნური სისტემის გადამეტებული, მავნე რეაგირება.

მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ადამიანებზე ცდები შეიძლება სამ წელიწადში დაიწყოს, რაც იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად წავა სამომავლო ლაბორატორიული კვლევები. აშშ-ში მიწის თხილზე ალერგია 4,6 მილიონ ზრდასრულს და 1,6 მილიონ ბავშვს აწუხებს.

„ვაჩვენეთ, რომ ჩვენი პლატფორმა მიწის თხილზე ალერგიას აწყნარებს. გვჯერა, რომ მას იგივე შედეგი ექნება სხვა ალერგენების მიმართაც, საკვებზე თუ პრეპარატებზე, ისევე როგორც ავტოიმუნურ დაავადებებზე“, — ამბობს ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის იმუნოლოგი ანდრე ნელი.

კვლევა ACS Nano-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია newsroom.ucla.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.