უკვე დიდი ხანია, მწერებს ინსტინქტურ, უაზრო ქმნილებებად აღვიქვამთ, რომლებსაც რობოტის მსგავსი რეაქციები აქვთ სამყაროსა და მისი იმპულსებისადმი.
თუმცა, რაც უფრო ახლოდან ვსწავლობთ, უფრო მეტად ვპოულობთ მოულოდნელად კომპლექსურ ქცევებს; მაგალითად, ვიცით, რომ ფუტკრები ერთმანეთს ცეკვით ეკონტაქტებიან, ჭიანჭველები ერთმანეთთან წარმოუდგენლად კარგად თანამშრომლობენ, ახლა კი, სულ უფრო მეტი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ჩვენ გვერდით მობინადრე ეს პატარა არსებები შეიძლება ტკივილსაც გრძნობდნენ.
ნოციცეფცია, ანუ სენსორული ნერვული სისტემის მიერ არასასიამოვნო სტიმულაციის დაფიქსირება, მათ შორის ქიმიური დამწვრობის, ბასრი ჭრილობისა თუ სისხლჩაქცევითი დაზიანებების — ცხოველებში მრავალი სახის ფსიქოლოგიურ და ქცევით პასუხებს იწვევს. ერთ-ერთი მათგანია ტკივილის აღქმა.
კარგად არის დოკუმენტირებული, რომ რომ პოტენციურად საზიანო კონტაქტზე მწერებს აცილების რეაქცია აქვთ.
გარდა ამისა, 2019 წელს ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა ცხადყო, რომ ჩვეულებრივ ხილის ბუზს, დროზოფილას ქრონიკული ტკივილის სიმპტომები აღენიშნებოდა მას შემდეგ, რაც მკვლევრებმა მას ფეხი მოაძვრეს. მას შემდეგ, რაც ბუზი სრულად გამოჯანმრთელდა, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მის მოპირდაპირე ფეხი სუპერმგრძნობიარე გახდა.
როგორც კვლევის ავტორებმა გაარკვიეს, ამის მიზეზი ის იყო, რომ ბუზმა ნერვულ ქორდაში დაკარგა „ტკივილის მუხრუჭის“ მექანიზმი. ტკივილის მუხრუჭის მექანიზმი ამშვიდებს ტკივილის აღქმას, მაგრამ ხილის ბუზებში, როდესაც სენსორული ნერვები ზედმეტად სტიმულირებულია, მუხრუჭი საერთოდ ითიშება.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ არასასიამოვნო სტიმულს ბაქტერიებიც კი გაურბიან, სხვა ცოცხალ ორგანიზმებში ტკივილის დაფიქსირება არ არის ისეთი მარტივი, როგორც უარყოფით რეაქციებზე დაკვირვება საზიანო კონტაქტისას. ტკივილის შეგრძნების აღსაქმელად საჭიროა კომპლექსური ფსიქოლოგიური სისტემა, რომელიც თავის ტვინს უერთდება.
ძუძუმწოვრებში ნოციცეფტორები (ტკივილის რეცეპტორები) ცუდი სტიმულის განგაშს თავის ტვინს უგზავნიან, სადაც ნეირონები წარმოქმნიან ტკივილის უარყოფით და სუბიექტურ, ფიზიკურ და ემოციურ შეგრძნებას.
კვლევები აჩვენებს, რომ ნოციცეფციისა და ტკივილის რეგულირება შესაძლებელია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად; გამოვლინდა თითოეული მათგანის რეგულირების სხვადასხვა სისტემებიც.
ეს სისტემები მწერებში ჯერ ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის.
„ადამიანში ტკივილის აღქმის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი ის არის, რომ ის შეიძლება მოდულირებული იყოს თავის ტვინის ნერვულ სიგნალთა მიერ. ჯარისკაცები ხშირად ბრძოლის ველზე მიღებულ სერიოზულ დაზიანებებს ვერ გრძნობენ, რადგან სხეულის საკუთარი ნარკოტიკი ნოცოცეპტურ (ტკივილის) სიგნალს ბლოკავს. გამომდინარე აქედან, გვაინტერესებდა არა უბრალოდ საბაზისო ნოციცეფცია, არამედ ის, შეიცავს თუ არა მწერების თავის ტვინი ნერვულ მექანიზმებს, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა ტკივილის მსგავს აღქმას“, — ამბობს ლონდონის დედოფალ მერის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი მატილდა გიბსონი.
გიბონსმა და მისმა კოლეგებმა სამეცნიერო ლიტერატურა მიმოიხილეს აღმოაჩინეს მტკიცებულებათა რამდენიმე ხაზი, რომლებიც მწერებში ამ მექანიზმის არსებობაზე მიუთითებს.
მიუხედავად იმისა, რომ მათ აკლიათ იმ ოპიოიდურ რეცეპტორთა გენები, რომლებიც ჩვენში ტკივილს არეგულირებენ, ტრავმული მოვლენებისას ისინი წარმოქმნიან სხვა ცილებს, რომლებიც შეიძლება იგივე მიზანს ემსახურებოდნენ.
ქცევითი მტკიცებულებები ასევე მიუთითებს, რომ მწერებს პერიფერიულ და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში აქვთ მოლეკულური გზები, რომლებიც თრგუნავენ საზიანო კონტაქტისადმი რეაგირებებს. მაგალითად, შაქრის ხსნარის არსებობა ბაზებში თრგუნავს არასასიამოვნო სტიმულებისადმი ჩვეულ თავის არიდებას.
მწერებს ავტონომიურად აქვთ თავის ტვინიდან ნერვული ქორდის ნაწილში ჩამომავალი ნეირონები, საიდანაც მომდინარეობს მათი თავდაცვითი რეაქცია დაზიანებითი შეხების წინააღმდეგ.
გარდა ამისა, თამბაქოს რქიანი მატლი დაჭრის შემდეგ შემარბილებელ ქცევებსაც კი მიმართავს.
ცალ-ცალკე შეიძლება არაფერს მიანიშნებდეს, მაგრამ საერთო ჯამში, ეს ყველაფერი როგორც ჩანს იმაზე მიანიშნებს, რომ მწერებს ჩვენს მსგავსად აქვთ ტკივილზე პასუხის კონტროლის გარკვეული ფორმა.
„ვაცხადებთ, რომ დიდი ალბათობით, მწერებს აქვთ ნოციცეფციის ცენტრალური ნერვული კონტროლი; ამის საფუძველს გვაძლევს ქცევითი, მოლეკულური და ანატომიური ნეირომეცნიერული მტკიცებულებები. ასეთი კონტროლი შესაბამისობაშია ტკივილის გამოცდილების არსებობასთან“, — წერს მკვლევართა ჯგუფი განცხადებაში.
თუმცა, რადგან მწერების ჯგუფი დიდი და მრავალფეროვანია, სრულიად შესაძლებელია, რომ სხვადასხვა სახის მწერში ასევე სხვადასხვა იყოს ტკივილის რეგულირება და პოტენციური შეგრძნებები.
მიუხედავად ამისა, ტკივილის არსებობის შესაძლებლობა შემდეგი კვლევებისთვის მნიშვნელოვან ეთიკურ კითხვებს აჩენს. განსაკუთრებით მომავალში ამ არსებათა მასობრივი ფერმერული მეურნეობების განვითარების თვალსაზრისით.
„მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ვდგავართ, თუ როგორ გამოვკვებოთ 2050 წლისთვის მსოფლიოს 10-მილიარდიანი მოსახლეობა. რადგან ტრადიციული მსხვილფეხა-რქოსანი საქონლის მეურნეობები კლიმატის ცვლილების ძირითადი კონტრიბუტორია, გარეო გვირჩევს მწერების მასობრივ წარმოებას საკვებად გამოყენების მიზნით. ამასობაში, ბოლომდე გათვალისწინებული არ არის ეთიკური მომენტები, რადგან ცხოველთა კეთილდღეობის დაცვა ხშირად მწერებს არ მოიცავს“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Proceedings of the Royal Society B: Biological Sciences-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.