„მრავალეროვანი საქართველო“ - დილის საათებში საარჩევნო უბნებზე ძირითადად იყო პროცედურული დარღვევები, ამ ეტაპზე დაწერილია ორი საჩივარი
არასამთავრობო ორგანიზაციაში „მრავალეროვანი საქართველო“ აცხადებენ, რომ დილის საათებში საარჩევნო უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა, თუმცა დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები.
როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან გიორბელიძემ განაცხადა სხვადასხვა უბანზე იყო პროცედურული დარღვევები.
„07:00-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა. მიუხედავად აღნიშნულისა, დაფიქსირდა გარკვეული ხასიათის ხარვეზები.
მარნეულის 78-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა ნაკადის მარეგულირებელის და ყუთის ზედამხედველის გამოსავლენად, თავმჯდომარემ ერთპიროვნულად გადაწყვიტა ამ ორ ფუნქციას რომელი კომისიის წევრები შეასრულებდნენ, რაზეც „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ დაიწერა საჩივარი.
ასევე, ახალქალაქის 27-ე უბანზე, კომისიის თავმჯდომარემ, თვითნებურად, საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეთანხმების გარეშე, საარჩევნო უბანი გადაიტანა სხვა ტერიტორიაზე, მისი განმარტებით, რომ უბნის სახურავის ჩამოვარდნის საფრთხე არსებობდა. გარდაბნის მე-11 უბანზე კი, საკონტროლო ფურცელი ყუთში ჩააგდეს მას შემდეგ, რაც ორმა ამომრჩეველმა უკვე განახორციელა კენჭისყრაში მონაწილეობა.
ასევე, ახალქალაქის 54-ე უბანზე, რეგისტრატორს ორი კომისიის წევრი ეხმარებოდა ბეჭდის დარტყმაში და მარკირების გაკეთებაში. კრწანისის 24-ე უბანზე, დამკვირვებელი ფართის სიმცირის მიზეზით არ შეუშვეს უბანზე დაკვირვების განსახორციელებლად. ამასთან, მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრების დაგვიანებით მისვლის გამო, კენჭისყრა დაიწყო 20 წუთის დაგვიანებით.
მარნეულის 48-ე უბანი პირველი ამომრჩევლისთვის გაიხსნა 20 წუთის დაგვიანებით, რადგან წილისყრის პროცედურა ჩატარდა წესის დარღვევით, რის გამოც ხელახალი წილისყრა გაიმართა, რაზეც, „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ დაიწერა საჩივარი.
გარდაბნის 65-ე უბანზე ორ ამომრჩეველს, შეცდომით მარკირების სითხის ნაცვლად, სადეზინფენქციო სითხე დაასხურეს. აღნიშნული დარღვევა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ იქნა აღმოჩენილი, რის შემდეგაც აღმოიფხვრა დარღვევა.
მარნეულის 48-ე უბანზე არ ჩატარდა წილისყრა ფუნქციების გამოსავლენად, რის გამოც „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი, რის შემდეგაც ხარვეზი აღმოიფხვრა.
გარდაბნის მე-60 უბანზე პარტიის წარმომადგენელი იმყოფებოდა ბეიჯის გარეშე, დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა.
მარნეულის 22-ე უბანზე, ამომრჩეველი რეგისტრატორის მითითებით, სიაში სხვის გრაფაში აწერდა ხელს, რაც ჩვენი დამკვირვებლის მიერ დროულად იქნა შემჩნეული და აღმოფხვრილი.
მარნეულის 79-ე უბანზე, დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვების უფლება, კერძოდ, არ მიეცა ვიდეოგადაღების საშუალება.
კრწანისის მე-3 უბანზე, ამომრჩეველმა ბიულეტენებში მხოლოდ ერთი გრაფა შეავსო და უბანი დატოვა. გარდაბნის 61-ე უბანზე, ამომრჩეველს კენჭისყრაში დაეხმარა ამომრჩეველი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული აღნიშნულ უბანზე. მარნეულის 65-ე უბანზე ნაკადის მარეგულირებელი არ ამოწმებს მარკირებას. ძირითადად, პროცედურული ხასიათის დარღვევები იყო. „მრავალეროვან საქართველოს“ ამ ეტაპზე ორი საჩივარი აქვს დაწერილი“, – განაცხადა გიორბელიძემ.