მოწმის ჩვენება - სერგო თეთრაძეს ხელკეტით სცემდა ფაცაცია, მუშტებს ურტყამდა მუხაძე, 10 წუთი სცემდნენ, პატიმარი ჩაიკეცა
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს პატიმარ ოლეგ რამიშვილის ჩვენება გამოქვეყნდა. საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ჩვენება პროკურორმა წაიკითხა.
ჩვენების თანახმად, რამიშვილთან საკანში კონტროლიორი მივიდა და უთხრა, რომ მასთან N8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს საქმე ჰქონდა.
“ჩემთან საკანში მოვიდა კონტროლიორი, გამომიყვანა სკანიდან და მითხრა, რომ მუხაძეს საქმე ჰქონდა ჩემთან. დამხვდა ის და მითხრა, ვიყავი თუ არა მზად დავალების შესასრულებლად. მითხრა, რომ დაპატიმრებული იყო ვინმე სერგო თეთრაძე და აინტერესებდა, აწვდიდა თუ არა ინფორმაციას რუსეთს. მითხრა, რომ ეს იყო ბაჩო ახალაიას დავალება. ამოიღო პატიმრის პირადი ბარათი და მანახა ფოტო. 60 წლამდე ასაკის მამაკაცი კარანტინში ზისო, მითხრა და ეს სერგო თეთრაძე იყო“, – ნათქვამია რამიშვილის ჩვენებაში.
როგორც პატიმარი ყვება, მუხაძემ მას უთხრა, რომ თეთრაძეს „დამუშავების შემდეგ“ შეუყვანდნენ საკანში, დამუშავებაში კი, ცემა იგულისხმებოდა.
“წავიდა ის და მეც დავბრუნდი საკანში. შემდეგ დავინახე, რომ მუხაძე ფაცაციასთან ერთად, ჩადიოდა ქვევით. ჩემი ფანჯარა უყურებდა კარანტინს. საკარანტინე ოთახი განათებულია და ყველაფრის ამოცნობაა შესაძლებელი. რამდენიმე წუთში დავინახე, რომ თეთრაძესთან საკანში შევიდა ოლეგ ფაცაცია ხელკეტით, დაუწყეს გინება და ყვირილი, ისმოდა ცალკეული ფრაზები. აგინებდნენ, პატიმარი იყო სერგო თეთრაძე. მას ჰონდა თეთრი ჭაღარა თმა, ამის მერე ხელკეტით სცემდა ფაცაცია, მუშტებს ურტყამდა მუხაძე“, – ამბობს პატიმარი.
მისი ჩვენების თანახმად, თეთრაძეს 10 წუთის განმავლობაში სცემდნენ, შემდეგ პატიმარი ჩაიკეცა.
„10 წუთი სცემდნენ, ჩაიკეცა პატიმარი. მერე მომესმა არაადამაიანური კივილი. ამის მერე ამოიყვანეს კარანტინიდან და წაიყვანეს საკაცეზე დაწვენილი. მე მხოლოდ გავცქეროდი მას და ეს იყო თეთრაძე. მერე 10 წუთში ჩქარი ნაბიჯით გადადიოდნენ საავადმყოფოს შენობაში მუხაძე და ფაცაცია. მე მოვითხოვე შეხვედრა მუხაძესთან და ვკითხე, რატომ არ შემომიყვანეთთქო. მუხაძემ მითხრა გუშინ თეთრაძე გულის შეტევით დაიბრიდაო“, – ნათქვამია ჩვენებაში.