თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მთავარმა მოწმემ, სამართალდამცველმა დაადასტურა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი აღმოაჩნდა.
სასამართლოში მოწმე ბექა მახარაძემ განმარტა, რომ გიორგი რურუას ჩხრეკისას იარაღი თავად ამოიღო. მოწმის თქმით, იარაღთან დაკავშირებით არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა რურუას ავტომობილი გააჩერეს, ჩხრეკის დროს კი, რურუას იარაღი ქურთუკის შიგნით ჰქონდა.
„დავიწყეთ მე და ლევან ადეიშვილმა ჩხრეკა რა დროსაც ჩვენს მიერ აღნიშნული პიროვნებისგან მარჯვენა წელიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოვიღეთ. იარაღი ადგილზე განვმუხტე და გავაგრძელე ჩხრეკა მანქანაში. თხელი ქურთუკი ეცვა როგორც მახსოვს. იარაღზე როდესაც გაქვს ინფორმაცია, პირველ რიგში წელზე მიდიხარ და წელზე რომ შემოვუსვი ხელი, მარცხენა ხელზე მომხვდა, ვიგრძენი, რომ იარაღი იყო. ამოვუღე, განვმუხტე იარაღი, მჭიდი ამოვიღე, ექსპერტიზის პარკში ჩავაგდე, რომელიც გამომძიებელს ეჭირა. მანქანა ქალაქში მოძრაობდი და წყნეთში უნდა წასულიყო“, – განაცხადა ბრალდების მოწმემ.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება რურუას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.