მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს 77 წელი შეუსრულდა [ფოტო]
მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს 77 წელი შეუსრულდა [ფოტო]

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს 2 მაისს 77 წელი შეუსრულდა.

მოსწავლე -ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მრავალპროფილიანი საგანმანათლებლო და სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც თავისი მოქნილი სტრუქტურით მრავალი მიმართულებით ემსახურება სასკოლო ასაკის მოზარდის თავისუფალი დროის გონივრული გამოყენებისა და სკოლისშემდგომი დამატებითი განათლების მიღების საქმეს.

1941 წლის 2 მაისს საზეიმოდ  გაიხსნა „პიონერთა და ოქტომბრელთა სახლი“, რომლის  დასახელებაც  შემდგომ „პიონერთა და მოსწავლეთა სასახლედ“ გადაკეთდა. სწორედ ეს თარიღი მიიჩნევა სასახლის  დაბადების დღედ.

როგორც სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ განაცხადა, ეროვნულ სასახლეში 15 მიმართულების წრეებზე მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის სხვადასხვა სახეობით 4300 -ზე მეტი მოსწავლეა გაერთიანებული. მათი  უმრავლესობა 2-3 წრეზე დადის და აქედან გამომდინარე, სასახლე წლის განმავლობაში 7000-მდე ბავშვს ემსახურება. მათ თვითრეალიზაციის, შემოქმედებითი პოტენციალის სწორად წარმართვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებისა და შეძენილი ცოდნის რეალიზების მაქსიმალური შესაძლებლობა ეძლევათ.

რუხაძის თქმით, მდიდარ ტრადიციებთან ერთად, ეროვნული სასახლის წარმატების ფორმულა მუდმივ განახლებაში, უწყვეტ განვითარებასა და პროგრესშია.