მოსკოვის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოზარდი დაშავდა
მოსკოვის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოზარდი დაშავდა

მოსკოვის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი 13 წლამდე ასაკის მოზარდს დაეჯახა.

როგორც პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, არასრულწლოვანი პოლიტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ ქვეითთა გადასასვლელზე მოხდა და მოზარდს საპატრულო ავტომობილი დაეჯახა.

„როცა გამოვედი, ბევრი ხალხი იყო გამოსული და გავიგე, რომ საპატრულო მანქანა დაეჯახა მცირეწლოვანს, დაახლოებით 10 წლის ბავშვს, რომელიც აქვე ცხოვრობს. რაც ვიცი, ის არის, რომ ბავშვი საავადმყოფოშია. ზუსტი მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ გონებაზეა. როგორც თქვეს, ბავშვი ზებრაზე გადადიოდა“, – განუცხადა პირველ არხს შემთხვევის თვითმხილველმა, თორნიკე ჩხიკვაძემ.

პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების ცნობით, აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

„ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩაინიშნა ექსპერტიზები“, – განაცხადეს უწყებაში.