მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი მოსაზრებებს ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება მოამზადა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე:
უნდა გაიზარდოს კანდიდატებისაგან მოთხოვნილი პროფესიული გამოცდილების ხანგრძლივობა და გაუქმდეს გამოცდების ჩაბარების მოთხოვნა მხოლოდ სამოსამართლო გამოცდილების არმქონე პირებისათვის.
ფარული კენჭისყრა, რომელსაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, არ შეესაბამება დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემას. საბჭომ უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილებები და უნდა არსებობდეს მათი გასაჩივრების შესაძლებლობა. კანონპროექტმა უნდა უზრუნველყოს შერჩევის ნათელი კრიტერიუმები შერჩევის ყველა ეტაპისათვის და დაკონკრეტდეს, რომ ნომინირებული კანდიდატი უნდა იყოს ყველაზე კვალიფიციური სხვა კანდიდატებს შორის.
შემოღებულ იქნას დამატებითი მოთხოვნები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისათვის, უფლებების სფეროში ვრცელი ექსპერტიზის ჩათვლით. მოსამართლეთა შერჩევა უნდა განხორციელდეს დისკრიმინაციის გარეშე და შემოღებულ იქნას მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას უფრო დაბალანსებულად, გენდერისა და მრავალფეროვნების თვალსაზრისით;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც აქვს ინტერესთა კონფლიქტი, არც ერთ ეტაპზე არ უნდა მონაწილეობდეს შერჩევის პროცესში ან უნდა გადადგეს, სანამ თავის კანდიდატურას წამოაყენებს;
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ბოლოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მოამზადოს ანგარიში, რომელიც იქნება საჯარო;
უნდა განისაზღვროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცედურა და კრიტერიუმები;
პარლამენტს ამ პროცესში უნდა ჰქონდეს ზედამხედველობის ფუნქცია, რათა შეამოწმოს მთლიანი პროცესის კანონთან შესაბამისობა. უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭვირვალე პროცედურები და გარანტიები იმაში დასარწმუნებლად, რომ კანდიდატების ნომინირებისა და დანიშვნის გადაწყვეტილებები ექსკლუზიურად ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მიიღება. პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, უფლებამოსილება და ფუნქციები უნდა დაზუსტდეს, მათ შორის, განისაზღვროს, ექნება თუ არა სამუშაო ჯგუფს კანდიდატებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მოძიების საშუალება;
სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, ინკლუზიური და მოიცავდეს ეფექტურ კონსულტაციებს, ასევე რეფორმის ზეგავლენის სრულ შეფასებას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ჩათვლით. კანონშემოქმედების ყველა ეტაპზე უნდა იყოს გათვალისწინებული საკმარისი ვადები ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.