მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 140 გამოსაცდელიდან ოცმა გადალახა
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა. 140 გამოსაცდელიდან გამოცდა 20-მა მონაწილემ ჩააბარა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
საბჭოს ცნობით, 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში 14-მა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში ექვსმა გამოსაცდელმა გადალახა.
„მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგამოცდო ტესტი სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 100 არჩევით პასუხიან – მარტივი, საშუალო და რთული კატეგორიის, დავალებას მოიცავდა. ელექტრონულმა სისტემამ თითოეული მონაწილისთვის საგამოცდო ტესტის ინდივიდუალურად შედგენა უზრუნველყო. ტესტური გამოცდის პასუხი გამოსაცდელმა გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყო“, – აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციაში.
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპი – წერითი გამოცდა 25 იანვარს ჩატარდება.
იუსტიციის საბჭოს ცნობით, წერით გამოცდამდე ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს, მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს.