მოსამართლემ „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურის მიერ მიწვეული უცხოელი ექსპერტების დასკვნა დაუშვებელ მტკიცებულებად სცნო
მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურის მიერ მიწვეული უცხოელი ექსპერტების დასკვნა დაუშვებელ მტკიცებულებად სცნო. მოსამართლე ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილების საფუძველზე, ორი უცხოელი ექსპერტი სასამართლოზე არ დაიკითხება.
გარდა ამისა, მოსამართლემ არ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვდა. შესაბამისად, ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარის მიერ უცხოეთში ჩატარებული იმ პირების გამოკითხვის ოქმები, რომლებისგანაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანხა ისესხეს, საქმეს მტკიცებულებად დაერთო.
დღესვე, დაცვის მხარემ, კერძოდ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთო წერეთლის ადვოკატმა სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შუამდგომლობა უნდა დააყენოს.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 16 ოქტომბერს გაავრცელა მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასება ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის საქმესთან დაკავშირებით.
პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა.
ამასთან, დღეს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ მაღალი ინსტერესის საქმეებზე 2015 წლიდან უცხოელი ექსპერტები წერენ დასკვნებს, რომელიც მათთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.