„მოქალაქეები” პენსიის წინასწარ აღების დროს დაქვითული პროცენტის საკითხის განსახილველად საფინანსო კომიტეტის სხდომის მოწვევას ითხოვენ
პარტია „მოქალაქეები” პარლამენტის საფინანსო კომიტეტის სხდომის მოწვევას ითხოვენ, სადაც განხილვის თემა პენსიონრებისთვის პენსიის წინასწარ აღებაზე დაწესებული პროცენტი იქნება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ამ ფორმატში უნდა მიიწვიონ საქართველოს ეროვნული ბანკის, ჯანდაცვის სამინისტროსა და „ლიბერთი ბანკის” წარმომადგენლები.
დეპუტატის თქმით, ქვეყანაში 800 ათასი პენსიონერია და მათ ნახევარს პენსია წინასწარ აქვს გამოტანილი, რის სანაცვლოდაც მათ 36 პროცენტის გადახდა უწევთ.
„საქართველოში ბანკი ყველაზე დაუცველ ადამიანებს არანორმალურად დიდ პროცენტს ახდევინებს – 36 პროცენტს. ბანკის დავალიანება პენსიონრების თითქმის ნახევარს აქვს. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს არის აბსოლუტურად უსამართლოდ გაბერილი პროცენტი ყველაზე დაუცველი მოსახლეობის საძარცვავად. „ლიბერთი ბანკი” კერძო ბანკია, მაგრამ მასთან სახელმწიფოს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. სამართლიანი ტენდერი რომ გამოცხადებულიყო ან პენსიების განკარგვის უფლება რამდენიმე ბანკს რომ მიეღო, მაშინ პროცენტი გაცილებით დაბალი იქნებოდა და გაძარცვულ პენსიონრებს არ ვიხილავდით, რომელიც თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვს და გროშები რჩებათ. ამ ბანკთან ხელშეკრულება გაფორმებულია 2014 წელს, ეს ამოიწურა 2019 წელს და აუხსნელი მიზეზებით 2022 წლამდე გაგრძელდა. როგორც ჩანს, ვიღაცა პენსიონრებზე ხელს ითბობს და იმის გარკვევა გვინდა, რაშია საქმე, რატომ აჭრიან პენსიონრებს 36 პროცენტს”, – განაცხადა ელისაშვილმა.