საქართველოს მსგავსად, მონტენეგროც ცდილობს, ითამაშოს ხიდის როლი, რომ ჩვენი მეზობლები ერთმანეთთან დავაკავშიროთ. წარსულს ვერ შევცვლით, ერთადერთი, რისი შეცვლაც შეგვიძლია, არის მომავალი, რათა უფრო მეტად დავამკვიდროთ მშვიდობა და სტაბილურობა, მეტი პროექტი განხორციელდეს და უფრო მეტი ინფრასტრუქტურა აშენდეს, – ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, დრიტან აბაზოვიჩმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით ინიციატივები მნიშვნელოვანი იქნება მომავლისთვის, მაგრამ მშვიდობის გარეშე შეუძლებელი იქნება პროგრესის შენარჩუნება.
„მივესალმებით ფორუმის მონაწილეებს და მივულოცავ საქართველოს მთავრობას და ჩვენს მეგობარს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებას. მე მონტენეგროდან ვარ და ჩემი ქვეყანა ძალიან ჰგავს საქართველოს ბევრი ასპექტით. ჩვენ დასავლეთ ბალკანეთში მდებარე ქვეყანა ვართ და როგორც საქართველო, ჩვენც ვცდილობთ, ვითამაშოთ ხიდის როლი, რომ ჩვენი მეზობლები ერთმანეთთან დავაკავშიროთ, ადამიანები ერთმანეთთან დავაკავშიროთ და ვნახოთ, რამდენად შეიძლება, რომ უფრო მეტი სიბრძნით და გონიერებით მეტი კარგი რამე გავაკეთოთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის. ჩვენ წარსულს ვერ შევცვლით, ერთადერთი, რისი შეცვლაც შეგვიძლია, არის მომავალი, რათა უფრო მეტად დავამკვიდროთ მშვიდობა და სტაბილურობა, მეტი პროექტი განხორციელდეს და უფრო მეტი ინფრასტრუქტურა აშენდეს, ასევე, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადამიანები. განსაკუთრებით მივულოცავ ბატონ ირაკლის, რადგან მან დღეს აქ თავი მოუყარა ჩვენს ორ კოლეგას, ჩემს მეგობრებს, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს, ასევე, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ორ ქვეყანას, რომლებიც მონტენეგროს მეგობრებიც არიან. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ მნიშვნელოვან პროექტებზე, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის მომავლისთვის, მნიშვნელოვანია როგორც ევროპისთვის, ასევე აზიისთვის. დღესდღეობით, გლობალურ სამყაროში აღარ არის უკვე მნიშვნელოვანი, რამდენად დიდია რომელიმე ქვეყანა, უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად დიდია იდეა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც შეიძლება, ჩვენ განვახორციელოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვისაუბროთ წვდომაზე, ვისაუბროთ გზებზე, ასევე, აეროპორტებზე, საზღვაო პორტებზე, მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ ადამიანებს მიუწვდებოდეთ ხელი ამაზე, ასევე, ხალხისა და პროდუქტების, საქონლის გადაადგილებისთვის წვდომა გვქონდეს ამ გზებზე.
აბრეშუმის გზასთან დაკავშირებით რა ინიციატივაც კი მოვისმინეთ ჩვენი კოლეგებისგან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება როგორც მომავლისთვის, ასევე მშვიდობისთვის, მაგრამ მშვიდობის გარეშე შეუძლებელი იქნება პროგრესის შენარჩუნება. დღეს ჩვენ ძალიან დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ. კორონავირუსმა ბევრი ეკონომიკა გაანადგურა, მათ შორის მონტენეგროს ეკონომიკაც, რადგან ჩვენი ქვეყანა ძალიან იყო დამოკიდებული ტურიზმის სექტორზე. ახლა ვცდილობთ, აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა კოვიდის შემდეგ. წელს მონტენეგროს ისტორიაში საუკეთესო ტურისტული სეზონი ჰქონდა და ჩვენი პარამეტრები ყველანაირ მოლოდინს სცდება. ადამიანებმა კვლავ დაიწყეს გადაადგილება და მოგზაურობა. სხვათა შორის, ხაზი უნდა გავუსვა ასევე ჩინეთის მდგომარეობას, რომ ამდენი წელი იყო ჩაკეტილი. უკვე შეგვიძლია, რომ ჩინეთიდანაც ჩამოვიდნენ ადამიანები. ჩვენს ქვეყანაში კიდევ დიდი პრობლემა იყო ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. ჩვენი ბაზრის 20 პროცენტი დამოკიდებული იყო რუსეთზე, უკრაინასა და ბელარუსზე, მაგრამ ჩვენ გამოსავალი მოვძებნეთ და შევეცადეთ, რამენაირად აგვეთვისებინა ახალი მიმართულებები. ჩვენ მონტენეგროში პირველი ავტომაგისტრალი გავხსენით და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომაგისტრალი მსოფლიოში, მაგრამ არ გვინდა, აქ გავჩერდეთ. ჩვენი ხედვაა, მომავალ წელს განვაგრძოთ ისევ ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილს დააკავშირებს სერბეთთან, ბართან, რომელიც მონტენეგროს პატარა ქალაქია, ასევე დააკავშირებს ბუდაპეშტთან, ბელგრადთან, პორტებთან. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს გზა გავიდეს ალბანეთის საზღვრებთანაც, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ხორვატიასთანაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა. სხვათა შორის, მე ბატონ ალიევს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვესაუბრე, გაზის ტრანსპორტირების მილსადენი არის მნიშვნელოვანი, ჩვენ არ ვართ ამის ნაწილი, მონტენეგრო არ არის მიერთებული, მაგრამ მთელი იდეა ისაა, რომ საბერძნეთის გავლით, ალბანეთის გავლით, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვინდა, ეს ხორვატიამდეც მივიდეს და შემდეგ უკვე მონტენეგროშიც შემოვიდეს. ეს არის გზა, რაც შეიძლება, მართლაც განხორციელდეს და ნამდვილად ვიცით, რომ ენერგოკრიზისი გვქონდა, მაგრამ ჩვენ არ გვიგრძვნია ენერგოკრიზისი, ძალიან ვამაყობ ჩემი კოლეგების მუშაობით, რადგან ამ სიტუაციაში მონტენეგრომ მაინც შეძლო კარგი შედეგების დადება. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და 2027 წლამდე გავაორმაგებთ ჩვენს შესაძლებლობებს და რესურსებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მეშვეობით. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ მზის ენერგიაზე, ქარის ენერგორესურსებზე და ვიწვევთ ინვესტორებს, ჩამობრძანდით და ნახეთ შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ჩვენი ბაზარი არ არის ძალიან დიდი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ჰაბი ელექტროენერგიის წარმოებისთვის, რომელიც გაყიდული იქნება ევროკავშირში და ასევე სხვა ქვეყნებშიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ინფრასტრუქტურა მართლაც არსებობდეს და განვითარდეს. ყველა ამ გამოწვევის, ომებისა და პრობლემების ფონზე, უკვე არის ახალი პრობლემა, ვგულისხმობ ისრაელის სიტუაციას, მონტენეგრო 620 ოპერაციას ახორციელებს და პირდაპირ ხაზზეა ისრაელთან, ჩვენ ვართ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ბევრ ტურისტს მასპინძლობს ამ ქვეყნიდან. ახლა სიტუაცია ძალიან რთულია და მშვიდობისთვის ვლოცულობთ. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი როლი გლობალურ დონეზე არ არის ის, რომ, მაგალითად, ვიღაცას ვუთხრათ, რა გააკეთოს. ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ იმას, რაც უნივერსალური ფასეულობაა. ჩვენ გვინდა, ერთად დავსხდეთ და დიალოგის მეშვეობით მივაღწიოთ გამოსავალს“, – აღნიშნა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, დრიტან აბაზოვიჩმა.
მისივე თქმით, „ძალადობა მიუღებელია და არ შეიძლება, ძალადობით ვინმემ მიაღწიოს პოლიტიკურ მიზანს“.
„ეს არის აზროვნების პრიმიტიული გზა. ძალადობა არ არის შესაძლებლობა და გზა ვინმესთვის. ადამიანების მოკვლა და პრობლემების გაჩენა, ინფრასტრუქტურის დანგრევა, სახლების დანგრევა, ეს არ არის მიზნის მიღწევის გზა. მიზანი მიღწეული უნდა იქნას დიპლომატიით, ერთად დასხდომით, მეგობრებთან საუბრით, კარგი ენერგიის გაზიარებით და გამოსავალზე ფიქრით. ალბათ უფრო მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს ამას, მაგრამ უკეთეს შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მონტენეგროს პრემიერთან ერთად, ფორუმში მონაწილეობენ ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები.