მონადირეებს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა აღარ მოუწევთ
ნადირობის დროს, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა სავალდებულო აღარ იქნება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან, ძალაში შედის ბრძანება, რომლის თანახმად, მონადირეებს, ნადირობის დროს, გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის მატერიალური სახით წარდგენა აღარ მოუწევთ.
გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის ელექტრონულ სისტემაში (ms.emoe.gov.ge) შეიქმნა და დაინერგა ელექტრონული მოდული „სახაზინო კოდი – 3033 გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის გადახდის თაობაზე“, რაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს საშუალებას მისცემს, ელექტრონულ სისტემაში გადაამოწმოს მოსაკრებლის გადახდის ფაქტი.
ვინაიდან მოსაკრებლის გადახდა ხაზინაში შესაძლებელია აისახოს არამყისიერად, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, მოქალაქემ თან უნდა იქონიოს შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, ხოლო შემდგომში ამის ვალდებულება მას არ ექნება.
მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღებ ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033“, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციაში.