საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე მიღებას იწყებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში მომზადება-გადამზადების პროგრამებზე მსმენელთა რეგისტრაცია 15 მაისიდან ექვს სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაიწყება და პირველ ეტაპზე კოლეჯები 400-მდე მსურველს მიიღებენ.
პროგრამაზე რეგისტრაცია, დაშვების წინაპირობებისა და პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიიღება შესაძლებელია სპეციალურ ვებგვერდზე (www.vet.emis.ge). ახალი პროგრამებისა და მათზე რეგისტრაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია აღნიშნულ ელექტრონულ პლატფორმაზე მუდმივად განთავსდება.
პირველ ეტაპზე სამინისტრო დაინტერესებულ პირებს პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამებს სამშენებლო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო დაფინანსებით შესთავაზებს. სახელმწიფო სასწავლებლები პროგრამებს კერძო სექტორთან თანამშრომლობით განახორციელებენ.
უწყების ცნობით, ივნისიდან მოკლევადიან პროგრამებს დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა სფეროებში კერძო კომპანიებიც შესთავაზებენ.
პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.
„მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი პროგრამები ხელს შეუწყობს როგორც ზრდასრული მოსახლეობის უნარების განახლებას, ასევე, მათი დასაქმების შესაძლებლობას და კერძო სექტორის მოთხოვნების სწრაფ დაკმაყოფილებას“, – აცხადებენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში.