მთავრობამ პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა
მთავრობამ პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა

მთავრობამ პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა. დოკუმენტი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით, ბიუჯეტიდან პროგრამის განსახორციელებლად წელს 2 090 000 ლარი გამოიყოფა.

პროფესიული გადამზადების ღონისძიებების კოორდინაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა. პროექტში სხვა სახელმწიფო უწყებებიც ჩაერთვებიან.

დოკუმენტით გათვალისწინებულია პროგრამაში მონაწილეებისთვის ვაუჩერების გაცემა.

„მომსახურების ანაზღაურება ხდება მომსახურების ფაქტობრივი ღირებულებისა და ოდენობის შესაბამისად. ვაუჩერის მაქსიმალური ღირებულება განისაზღვრება 1000 ლარით და ამასთან, არ აღემატება იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში, იმავე პროფესიის გრძელვადიან კურსზე განსაზღვრულ ღირებულებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სტაჟირების შემთხვევაში გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია, რომლის ოდენობა თვეში 200 ლარი იქნება.
პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა − www.worknet.gov.ge-ში.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამის მიზანია, შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებით და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებით, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოში წელიწადში 50 ათასი ადამიანის გადამზადება იგეგმება.