მომავალი წლიდან სათხილამურო ტრასების ბილეთები ბარათების სისტემაზე გადავა და სეზონამდე ბევრად ადრე, თბილისში გაიყიდება
მომავალი წლიდან სათხილამურო ტრასების ბილეთები ბარათების სისტემაზე გადავა და სეზონამდე ბევრად ადრე, თბილისში გაიყიდება

მომავალი წლიდან სამთო-სათხილამურო ტრასებით სარგებლობის ბილეთები პლასტიკური აბონემენტის სისტემაზე გადავა და სეზონამდე ბევრად ადრე, თბილისში შეღავათიან ფასად გაიყიდება, – ამის შესახებ მთის კურორტების განვითარების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ომიაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას დღეს განაცხადა.

გადაცემაში მთის კურორტების განვითარების საკითხები განიხილეს.

გადაცემის წამყვანებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ჩასულ ტურისტებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის საბაგიროებთან  რიგები, ასევე პარკირების სივრცისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოების სიმცირე.

ომიაძის განცხადებით, მომავალი წლიდან სამთო-სათხილამური კურორტებზე საბაგიროს სალაროებთან რიგის პრობლემა მოიხსნება, რადგან ბილეთების ყიდვას როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები დედაქალაქშივე შეძლებენ, თანაც სეზონის დაწყებამდე ბევრად ადრე და შეღავათიან ფასში.

„დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ რიგი საბაგიროებზე აღარ იქნება. ეს საკითხი რამდენიმე კომპონენტისაგან შედეგება: პირველ რიგში, საბაგიროების შეცვლის შემდეგ მათი გამტარუნარიანობა გაიზარდა და მოთხილამურეების ნაკადი უფრო მალე აჰყავს მთის წვერზე; წელს საბაგიროებთან სალაროების დამატებამ ეფექტიანად იმუშავა. მომავალ წელს კი, გადავდივართ ახალ, ევროპულ, პლასტიკური ბარათების სისტემაზე. მურველს შეეძლება, ბარათი შეიძინოს, წლიდან წლამდე შეინახოს და საერთოდ აღარ მივიდეს სალაროსთან, ისე ჩარიცხოს თანხა ბარათზე. წელს პირველად სეზონამდე ბევრად ადრე, ოქტომბერში დაიწყება აღნიშნული ბარათების გაყიდვები, რაც ფასის ცვლილების საშუალებასაც მოგვცემს. ეს იქნება სახელობითი აბონიმენტი, თბილისში გავაკეთებთ სალაროს. მოთხილამურემ ზუსტად იცის რომელ სამთო-სათხილამურო კურორტზე დაისვენებს. ამიტომ მას წინასწარ ოქტომბერში შეუძლია, იყიდოს იაფად. როგორც ხდება ე.წ. წინასწარი გაყიდვების შემთხვევაში ჯერ ერთი ფასი იქნება, მერე მეორე, მესამე და უკვე სეზონზე იქნება რეგულარული ფასი. ამით მოგვარდება რიგები სალაროსთან. უცხოლებსაც ექნებათ საშუალება,  თბილისშივე შეიძინონ აბონემენტები. ახალი მიდგომა გვაქვს, ვცდილობთ, სანამ მოთხილამურე კურორტზე ავა, მანამ მოაგვაროს ბილეთების საკითხი“, – განმარტა ომიაძემ.

რაც შეეხება პარკირებისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემას, ომიაძის ინფორმაციით, მიმიდნარეობს მუშაობა მთის კურორტების განვითარების კომპანიასა და მომიჯნავე სახელმწიფო უწყებებს შორის, ეტაპობრივად ორივე საკითხი მოგვარდება.