მომავალი წლიდან მესტიისა და უშგულის განახლების პროექტების განხორციელება იგეგმება
მომავალი წლიდან მესტიისა და უშგულის განახლების პროექტების განხორციელება იგეგმება

საქართველოს მთიან რაიონებში მსხვილი და სტრატეგიული დანიშნულების გზების მშენებლობა იგეგმება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთის განვითარების სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა, საუბარია ისეთი მნიშვნელობის გზებზე, რომლებიც გაზრდის მთის მოსახლეობის ეკონომიკურ აქტივობას და ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

„ასეთი პროექტებია: პირიქითა ხევსურეთთან დამაკავშირებელი როშკა-არხოტის გზის მშენებლობა, რაჭის 54 კმ-იანი საავტომობილო გზის, სნო-ჯუთა-როშკა-შატილის და კიდევ რამდენიმე ხეობის დამაკავშირებელი დაახლოებით 200 კმ-იანი საავტომობილო გზების მშენებლობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებამ და ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციამ ყაზბეგი, შატილი და მუცო ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.

„მომავალი წლიდან დაგეგმილია მესტიისა და უშგულის განახლების პროექტები, გრძელდება უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშის კოშკებისა და მაჩუბების აღდგენის პროცესი, მომავალ წელს დასრულდება აგრეთვე მუცოს აღდგენის პროექტიც“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან განმარტა, მთა და მთის კურორტები უნდა განვითარდეს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, რათა საერთაშორისო სპორტული ტურნირების ჩატარების შესაძლებლობა იყოს.

„2023 წელს იცით, რომ მივიღეთ დასტური და საქართველო ბაკურიანში უკვე უმასპინძლებს სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს. ასევე დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსების მშენებლობა, რითაც კიდევ უფრო გაიზრდება კურორტის ცნობადობა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მთის სტრატეგიის ფარგლებში უკვე შემუშავდა პირველადი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა და შერჩეულია 30 მოხალისე.

„ეს ადამიანები ნამდვილი პატრიოტები არიან. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომ მზად არიან საზოგადოებრივ საწყისებზე პირველადი დახმარება აღმოუჩინონ მთის მოსახლეობას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე განცხადებით, მთა საცხოვრებლად მაქსიმალურად კომფორტული და ეკონომიკურად მიმზიდველი უნდა გახდეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში საქართველოს მთავრობას დაეხმარა მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტები და ორი სახელმწიფო – შვეიცარია და ავსტრია.

„დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს სტრატეგია მოგვცემს საშუალებას, რეალიზაცია გავუკეთოთ ჩვენს ყველაზე დიდ სიმდიდრეს, ქართულ მთას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, დაწესდება მთის კვირეული, რომელიც სიმბოლურად მთის კანონის მიღების დღეს, 16 ივლისის კვირაში გაიმართება.