საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ და კომპანია „აკორდის“ საქართველოს ფილიალის დირექტორმა ალიკ ჯაფაროვმა მოლითი-ჩუმათელეთის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთი, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50-კილომეტრიანი საავტომობილო გზის ნაწილია. პირველ, ძირულა-მოლითის 25-კილომეტრიან მონაკვეთზე, ამ დროისთვის მიწისა და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
მათივე ცნობით, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეკონსტრუქცია, ძირითადად, უკვე არსებული გზის ფარგლებში განხორციელდება. პროექტი მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, 22 ხიდის, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–მშენებლობას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას. საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი მიუყვება მდინარე ჩხერიმელას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს.
გზის მოდერნიზაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება.
მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშოების ღირებულება 54 566 117 ლარია. სამუშაოების ვადად 29 თვეა განსაზღვრული.